logo
ENG



თალაკვაძე: გვსურს, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ის ხალხმა აირჩია

25 იან 202116:12
3 წუთის საკითხავი
clock 997
თალაკვაძე: გვსურს, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ის ხალხმა აირჩია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილია, საკანონმდებლო ორგანო მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად იყოს დაკომპლექტებული.

როგორც მან აღნიშნა, მანდატების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების განხილვის ვადა იწურება, თუმცა რეგლამენტს ბოლომდე გამოიყენებენ იმისათვის, რომ ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.

"მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას, იწურება. ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და მუშაობდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორც ის ხალხმა აირჩია. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 2 თებერვლიდან იმსჯელებს.

"პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა". მისივე თქმით, "რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება კი სამარადჟამო".

უცნობია, როდის ჩატარდება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი. 


close დახურვა