logo
ENG



თალაკვაძე კობახიძის კანონპროექტზე: იურიდიულ მიზეზს თუ არ აღიარებ, არ უნდა მიიღო დაფინანსება

30 დეკ 202019:25
3 წუთის საკითხავი
clock 1242
თალაკვაძე კობახიძის კანონპროექტზე: იურიდიულ მიზეზს თუ არ აღიარებ, არ უნდა მიიღო დაფინანსება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იურიდიული მიზეზის არაღიარების შემდეგ პარტიებმა დაფინანსება არ უნდა მიიღონ. მისი მტკიცებით, სწორედ ეს არის ირაკლი კობახიძის კანონპროექტის მიზეზი და არა ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ბოიკოტს უცხადებს. ამაზე არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ეს ინიციატივა ეფუძნება იმ ლოგიკას, რომ თუ არ აღიარებ იურიდიულ მიზეზს, რის საფუძველზეც უნდა მიიღო დაფინანსება, მაშინ დაფინანსება როგორ უნდა მიიღო? ეგ არის პრობლემა. შემოვიდნენ პარლამენტში და გადავიდნენ ბოიკოტში?", - ამბობს თალაკვაძე. 

კობახიძის კანონპროექტით, სახელმწიფო დაფინანსება მომდევნო წელს შეუწყდებათ იმ პარტიებსაც, რომელთა სიით გასული დეპუტატების ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას, რაც პარტიებს საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას უზღუდავს. 

კობახიძემ კანონპროექტის იდეა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ყველა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების გამო საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყოდა და საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდოდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე საჯაროდ მიმართა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სინამდვილეში "წამახალისებელი" მექანიზმია და არა სადამსჯელო. კობახიძემ თქვა, რომ ამით მმართველმა გუნდმა ოპოზიცია "სწორი გადაწყვეტილებისკენ" წაახალისა, რადგან, თავად მიიჩნევენ, რომ ბოიკოტისა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს დააზარალებს.  

კანონპროექტი გააკრიტიკა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც. ელჩმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების შემდეგ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას დაელოდება, რათა ამით კრიტიკის ყველანაირი საფუძველი წაართვას პოლიტიკურ ოპონენტებს. 

თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი კობახიძის გადაწყვეტილება უკან დახევად შეაფასეს. 

უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტის განხილვა იანვრის ბოლოს განახლდება, მას შემდეგ, რაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია თავის დასკვნასა და რეკომენდაციებს შესთავაზებს ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს. 


close დახურვა