logo
ENG



თალაკვაძეს და ოცნებას ძალიან უნდათ ისეთი ოპოზიცია, როგორიც მათ აწყობთ - კაპანაძე

01 ივლ 202015:26
3 წუთის საკითხავი
clock 361

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საკუთარი პარტიის გამარჯვებად შეაფასა და კენჭისყრისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა. გარდა ამისა, მან საკუთარ განცხადებაში ე.წ. ახალი ოპოზიციის შესახებ ისაუბრა, რომელმაც კენჭისყრაზე პირობა შეასრულა.  

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ოპოზიციურ პარტიებში უპასუხეს. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ამბობენ, რომ მათთვის წყალგამყოფი გიორგი რურუას საქმე იყო, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაშია. რაც შეეხება ოპოზიციის დაყოფის მცდელობას, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თალაკვაძის განცხადება არასერიოზულია.

„არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს ძალიან უნდათ, რომ ისეთი ოპოზიცია ჰყავდეთ, როგორიც მათ აწყობთ. სწორედ ამიტომ დაიწყეს ამ ახალი გზავნილის პენეტრირება, რომ თურმე არსებობს ძველი და ახალი ოპოზიცია, ძველი არის დესტრუქციული და კრიმინალური და ახალი არის ის, რომელიც მათთვის არის კარგი. ერთი რამ ეშლებათ მათ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ყველა იდეის სულის ჩამდგმელია, რომ ოპოზიციას ნიშნავს ხალხი და არა ხელისუფლება. ეს არის რეალობა, რომელსაც მოუწევთ, რომ შეეგუონ. ასევე მოუწევთ შეეგუონ მარცხს არჩევნებში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძე.

თალაკვაძეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, საქართველოში ყველა ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის.

„ნახონ როგორ ამბობდნენ კომუნისტები, რომ არის რადიკალური კრიმინალური ოპოზიცია და არის კარგი ოპოზიცია. ასეთი განხეთქილება უნდოდათ შეეტანათ. ახლა შეურაცხყოფას აყენებენ ახლად გაჩენილ პარტიებს, რომ თურმე ჩვენ ვართ ნამდვილი ოპოზიცია რადიკალური, ისინი კი ჯიბის ოპოზიცია, ახალი და კარგი. სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ ვართ ძალიან განსხვავებულები, დღეს საქართველოში ყველა არის ერთის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი ოპოზიციაც ჩემი აზრით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა