logo
ENG



თბილისის გარე განათებებში 100,7 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება - რას ამბობენ მერიაში

05 მაი 202112:45
3 წუთის საკითხავი
clock 1382
თბილისის გარე განათებებში 100,7 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება - რას ამბობენ მერიაში
თბილისის მერია

თბილისის მერია დედაქალაქში გარე განათების განახლებისთვის 100,7 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამისათვის სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე "თბილსერვისჯგუფმა" სამი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის 34,5 მილიონი ლარის, 32,7 მილიონი ლარისა და 33,5 მილიონი ლარის ღირებულების. სამივე 29 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღების ვადა კი პირველ ივნისს სრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციით გაწერილია ანგარიშწორების პირობებიც, სადაც ვკითხულობთ, რომ მიმწოდებელ კომპანიას თანხას 120 თვის, ანუ 10 წლის განმავლობაში გადაუხდიან:

"პირველი ანგარიშსწორება მოწოდებული სანათებით მიმდინარე წლის ბოლომდე მიღებული ეკონომიის შესაბამისად განხორციელდება, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდა მოხდება პროპორციულად დარჩენილ ვადაზე. შემსყიდველი იტოვებს წინსწრებით გადახდის უფლებას".

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო), წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 

სანათების შესყიდვაზე გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერია 4 მაისს გამოეხმაურა და განმარტა, რომ თბილსერვის ჯგუფის კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა, ხოლო ამ სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.

გარე განათებების განახლებას თბილისის მერია უფრო ეკონომიური ნათურების ჩანაცვლებით ხსნის. უწყებაში ამბობენ, რომ შედეგად, თბილისს წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. 

"სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს.

მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში", - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

 


close დახურვა