logo
ENG



თუ დაფიქსირდება მე-2 და მე-3 რიგის გადაცემა, მერე უნდა ავწიოთ სიფრთხილის თამასა - ცერცვაძე

07 მარ 202022:20
3 წუთის საკითხავი
clock 367

„თუ დაფიქსირდება მეორე და მესამე რიგი გადაცემა, მერე უნდა ავწიოთ სიფრთხილის თამასა", - ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იტალიიდან ჩამოსული პაციენტიდან რამდენიმე ადამიანის დაინფიცირების საკითხს.

როგორც ცერცვაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, იტალიიდან ჩამოსული პაციენტისგან გადაედო კორონავირუსი რამდენიმე მის კოლეგას, თუმცა ეს იყო ერთი ლოკაციის ფარგლებში და, შესაბამისად, ამაში საგანგაშო არაფერია.

„უკვე გვყავს 13 ინფიცირებული ქვეყანაში. ახალი შემიძლია ის ვთქვა, რომ ბოლო სამი დაინფიცირდა იმ პირისგან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა და ჩამოვიდა თბილისში. მეკითხებიან, რომ ეს იყო პირველი შემთხვევები შიგა გადაცემის, ანუ მოხდა დაინფიცირება ქვეყნის შიგნით - ეს, რა თქმა უნდა, არის ნიშანი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. ეს იყო პირველი შემთხვევები, რომლებიც მოხდა ერთ ლოკაციაზე და იყო პირველი რიგის კონტაქტი ჩამოსულსა და დამხვედრს შორის. თუ მოხდება მეორე და მესამე რიგის გადაცემები, მერე შეიძლება უფრო მაღლა ავწიოთ სიფრთხილის თამასა. დავაზუსტებ, რომ შესაბამისი სამსახურები მიყვებიან კვალს და უშუალოდ ჩემი ფუნქცია ეს არაა - მე ვარ კლინიცისტი და ჩვენ პასუხს ვაგებთ მას შემდეგ, რაც ის გადმოლახავს საავადმყოფოს ზღვარს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას გადიან.


close დახურვა