logo
ENG



ივერი მელაშვილის ადვოკატის თქმით, პროკურატურა დაცვის მხარეს სადავო რუკის ასლს არ აძლევს

27 ოქტ 202020:09
3 წუთის საკითხავი
clock 695
ივერი მელაშვილის ადვოკატის თქმით, პროკურატურა დაცვის მხარეს სადავო რუკის ასლს არ აძლევს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა დაცვის მხარეს ბრალდებულებისგან ამოღებული სადავო რუკის [1:200 000] ასლს არ აძლევს. ფორმულასთან ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ რუკების ადგილზე გაცნობაზე უარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდანაც მიიღეს. 

"დღეს მივედით ექსპერტიზის ბიუროში და იქ [დოკუმენტების გაცნობაზე] გვითხრეს დაუსაბუთებელი უარი, რომ მათ არ აქვთ უფლება. ჩვენ არცერთი ნორმა არ გვიზღუდავს იმას, რომ ექსპერტიზის ბიუროში ვნახოთ დოკუმენტები. [...] კანონმდებლობაში წერია და იმპერატიული დათქმა არის, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დოკუმენტების ასლები უნდა გადაეცეს მხარეს, გამონაკლისის გარეშე", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, პროკურატურაში ბევრი დოკუმენტია, რომელიც ადვოკატებს დღემდე არ გადაცემიათ. იგი ყვება, რომ სადავო 1:200 000-იანი რუკის გარდა, სხვა რუკების, ასევე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახიდან, სახლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გადაეცათ.

"პირველ ეტაპზე, ბრალდების წარდგენის შემდეგ, როცა პროკურატურამ გაგვიცვალა მასალები, იმ ოქმში ეწერა, რომ დოკუმენტები  სრულად გადმოგვცეს. ჩვენ დავაფიქსირეთ შენიშვნა, რომ გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის, 1:200 000-იანი რუკების ასლები არ გადმოგვცემია. იქვე არის შენიშვნა, ამავე ოქმში, რომ დედნები ინახება პროკურატურაში და გვაქვს გაცნობის უფლება. გაცნობის უფლება არ გულისხმობს იმას, რომ პროკურატურას აღარ აქვს გადმოცემის უფლება. ამის შემდეგ პროკურატურას მივმართე ორჯერ და მოვითხოვე ფერადი ასლების გადმოცემა, რადგან რუკებს სხვანაირად ვერ წაიკითხავ.

დაცვის უფლების რეალიზება რომ მოხდეს, ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ბრალდებულსაც უნდა გაცნობოდა ეს დოკუმენტი. პირველ წერილზე მომწერეს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გვაქვს გადმოცემული მასალები, "სხვა მასალები" კი ინახება საგამოძიებო ორგანოშიო. რუკა არის დოკუმენტი, რადგან მას აქვს შინაარსი, ის გადის არა "სხვა მასალაში", არამედ დოკუმენტებში", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი და ამატებს, რომ ამ საკითხზე მეორე წერილით მიმართეს პროკურატურას, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.  

მისი შეფასებით, მასალებზე წვდომის შეზღუდვა შეიძლება, იწვევდეს ეჭვებს, რომ დაცვის მხარეს გაუჭირდეს დოკუმენტებზე ექსპერტიზის დანიშვნა. 

დავითგარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1:2 000 000 და რომ მათ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან" . 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო. 

ხელისუფლების მტკიცებით, მათ რუკა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიძია. 

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა რუკების მოძიება ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, მან კი ბიძინა ივანიშვილს მიმართა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელს. თუმცა, თავად ხიდაშელი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ 2017 წელს გაიცნო.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავითგარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაიჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს ავრცელებს: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო".

დავითგარეჯის საზღვრის მონაკვეთი დღემდე ყველა დონეზე შეუთანხმებელია - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 446-კილომეტრიანი ზოლიდან შეთანხმებულია 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. 


close დახურვა