logo
ENG



ინფორმაცია, რომ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება - შსს

09 ივლ 202014:48
3 წუთის საკითხავი
clock 674
pmg1y0cyvxbn39z.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დიდუბის ტერიტორიაზე თეთრპერანგიანი პირი საქმის ერთ-ერთი მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრება, განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ თეთრპერანგიანი პიროვნება არა ავთანდილ ბილანიშვილი, არამედ ხაშურში მცხოვრები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი იყო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით”, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.

მოგვიანებით ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მან უწყება დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადაბილანიშვილის ალიბი ჰქონდა და მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-მ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.  

ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმადიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა