logo
ENG



ინჯია, ზილფიმიანი, ენუქიძე და მიქაძე პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პარტიას აფუძნებენ

05 იან 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock 2587
2021/01/05/6rcmniuwoduti0g.jpg

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას, ევროპელ სოციალისტებს აფუძნებენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. 

ინჯიას თქმით, ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას

"დღეს ჩვენ - ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი - როგორც პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში. ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას", - აცხადებს ინჯია.

ევროპელი სოციალისტები ფიქრობენ, რომ სადეპუტატო მანდატის მქონე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში.

"შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე", - აცხადებს ინჯია.

ინჯიამ არჩევნების გაყალბების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად გადაცდომებისა, ოპოზიციამ ამ საკითხზე შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ინჯიას განცხადებით, საქართველოს უცხოელმა პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი.

"საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი 9 პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი ქართული ოცნებით ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად", - აცხადებს დეპუტატი.

ინჯიას თქმით, ახალი პარტიის ამოცანაა, მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში ახალი საარჩევნო კოდექსის და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებს და საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და კიდევ ორი წევრი - გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. 

ამრიგად, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო სიის 4 წევრი იმყოფება, რადგან საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს ავთანდილ ენუქიძეს. უშუალოდ, დღეს, 5 იანვარს, რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიას ინჯია, მიქაძე და ზილფიმიანი ესწრებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადპატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიიდან მათი ნომრების ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ ჰქონდათ მიმართული სწორედ გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. სწორედ მათ შეეძლოთ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ესარგებლათ და საკანონმდებლო ორგანოში ინაშვილის, თევდორაძისა და ლომიას ადგილი დაეკავებინათ.

ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი ამ დროისთვის 54-მა თქვა.

 

 


close დახურვა