logo
ENG



იულია, შენ გადამარჩინე - ნავალნი მეუღლეს სიყვარულს უხსნის და მორიგ ფოტოს აქვეყნებს

21 სექ 202015:48
3 წუთის საკითხავი
clock 1118
t2nc2h69o4a4u9t.png

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ნავალნი მეუღლესთან ერთად არის და იულია ნავალნაიას სიყვარულს უხსნის.

როგორც პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს, მეუღლემ ის გადაარჩინა. ის იხსენებს, როგორ ელოდებოდა პალატაში იულიას მისვლას:  

"26 აგვისტოს გვქონდა ქორწინების მე-20 წლისთავი. მიხარია, რომ გამოვტოვე ეს დღე და ახლა შემიძლია ეს დავწერო, მაშინ როცა სიყვარულზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე 1 თვის წინ ვიცოდი.

მეძინა. იულია მოდიოდა, მესაუბრებოდა, მიმღეროდა, მირთავდა სიმღერებს. არ მოვიტყუები - ეს ყველაფერი არ მახსოვს. მოვყვები იმას, რაც მახსოვს: კომიდან გამომიყვანეს, ვერავის ვცნობდი, ვერაფერს ვხდები, ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ მას ველოდებოდი. როცა ის ჩემ გვერდით იყო თავს კარგად ვგრძნობდი. სიყვარული კურნავს და გაბრუნებს ამ ქვეყნად. იულია, შენ გადამარჩინე...", - წერს ნავალნი.

ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.

კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. 


close დახურვა