logo
ENG



კალაძე: 4 ბინა იყიდე, მე-5 შვილი საქსაფონზე უკრავს, სხვას აწუხებს და ამიტომ მიწას იტაცებ...

23 დეკ 202011:11
3 წუთის საკითხავი
clock 6673
2020/12/23/f5zv3mjvblwlchr.png

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადამიანების ნაწილს, რომლებიც "სახელმწიფო მიწებს იტაცებენ", არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვთ. 

კალაძის თქმით, სახელმწიფო მიწის დატაცება ვერ გამართლდება იმით, რომ ხუთი შვილიდან ოთხს აქვს ბინა და ერთი საცხოვრებლის გარეშე რჩება:

"ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, საცხოვრებელი სახლები აქვს - სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, თბილისში. ის ვერ იქნება არგუმენტი, მე ჩემს ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცოო, ეს დამოკიდებულება არაფერში ჯდება. ღმერთმა ყველას ასი ბინა აყიდინოს, მაგრამ არგუმენტად რომ მოგყავს, ოთხი ბინის ყიდვა შეძელი და მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ არ ვიცი, საქსაფონზე უკრავს და მეზობლებს აწუხებს, ამის გამო მიწას იტაცებ, არაფერში ჯდება ეს დამოკიდებულება", - აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, მერიამ დაიწყო ოჯახებისთვის იმ ბინების ერთ ლარად დაკანონება, სადაც ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ და სხვა წასასვლელი არ აქვთ. კალაძის განცხადებით, ეს პროგრამა გაგრძელდება.

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. მოგვიანებით 9 გაათავისუფლეს, ხოლო ერთ დაკავებულს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. 

დღეს, 23 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მერიამ სახლები ისევ დაანგრია. თბილისის მერიას შენობების მფლობელებისთვის მათი დემონტაჟისთვის 4 დღე ქონდა მიცემული. ეს ვადა გუშინ ამოიწურა.

 


close დახურვა