logo
ENG



კალაძე პანდემიის გამო დაზარალებულ კლუბებს 2 თვის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა არ დაეხმარა

28 ივლ 202015:54
3 წუთის საკითხავი
clock 1843
კალაძე პანდემიის გამო დაზარალებულ კლუბებს 2 თვის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა არ დაეხმარა

 

2 თვის წინ, 23 მაისს, თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის გამო დაზარალებულ ღამის კლუბებს დახმარებას დაპირდა. კალაძე ამბობდა, რომ კლუბების პრობლემები გამოიკვლიეს და პაკეტის შეთავაზებას გეგმავდნენ.

"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სურათი, თუ რა პრობლემები აქვთ კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ, გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებით", - თქვა მაშინ კალაძემ.

ამ განცხადებიდან 2 თვის თავზე კლუბებს სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარება არ მიუღიათ. 

კლუბის "მტკვარზე" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქეთა გაბუნიამ "ფორმულას" უთხრა, რომ მერიამ კლუბების პრობლემებზე Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა, რის შესახებაც მან და თბილისის სხვა წამყვანი კლუბების ხელმძღვანელებმა არაფერი იცოდნენ.

მისი თქმით, მიყენებული ზიანი მათ დამოუკიდებლად აღრიცხეს, მერიამ კი მოგვიანებით ეს დოკუმენტი გამოართვა. გაბუნია ამბობს, რომ კლუბებს მერიისგან თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასა და ბანკებთან ურთიერთობაში დახმარება სურდათ, რაშიც მერია არ დაეხმარა. ნაცვლად ამისა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მათ უთხრა, რომ ივენთების შესახებ პროექტები გაეწერათ, რომელიც შესაძლოა, მერიას დაეფინანსებინა.

"შეხვედრებზე მერიის წარმომადგენელი გვეუბნებოდა - რატომ არ აგზავნით პროექტებს, ჩვენ ხომ გაფინანსებთ ახლა, დავიწყეთ საკლუბო საღამოების დაფინანსება. კლუბები აღარ არსებობს, ფესტივალები აღარ არსებობს. შემოიტანეთ განაცხადებაო, ეს არის სრული აბსურდი. პროექტების წერა დავიწყოთ არარსებული კლუბების საღამოებზე... საერთოდ რის საფუძველზე, რის გარშემო გავაკეთოთ, ისიც არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს, არ გვაქვს, საერთოდ რად მოვიაზრებით. არანაირი კონკრეტიკა. ამხელა კლუბები თითო პროექტით ვერ გადავრჩებით", - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, მერიის წარმომადგენელმა ისინი შეხვედრაზე დაიბარა, სადაც ამცნო, რომ ელექტრონული მუსიკა კულტურის სფეროში გაიყვანეს, შესაბამისად, მათ ღია ცის ქვეშ საქმიანობის განახლების უფლება ჰქონდათ. 

ამის შემდეგ კი, კომუნა "მზესუმზირა" და კიდევ რამდენიმე კლუბი ელექტრონული მუსიკის ღონისძიების გამართვისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც "მზესუმზირას" ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში. დაჯარიმდნენ სხვა ღამის კლუბებიც. მათ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს და სახელმწიფოს მოუწოდეს, საბოლოოდ განისაზღვროს რეგულაციები, რომლითაც საქმიანობის განახლებას შეძლებენ. 

"ფორმულა" ამ საკითხზე თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. 


close დახურვა