logo
ENG



კანდელაკი: მთავრობამ აცნობა WIZZ AIR-ს, რომ არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში ვერ იფრენს

15 ივლ 202014:07
3 წუთის საკითხავი
clock 387
hgpp1ur5a07h1mf.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ არაოფიციალურად აცნობა ავიაკომპანია WIZZ AIR-ს, რომ  კომპანია არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში ვერ იფრენს.

კანდელაკის თქმით, WIZZ AIR-ის მსგავსად საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანია ეარ ბალტიკ-ს თბილისი-რიგის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირის დამტკიცებაზე.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე, დაახლოებით ათი დღის წინ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნისა, ქვეყნიდან გამსვლელსა და ქვეყანაში შემომსვლელ ადამიანებს რაც შეიძლება ბევრი წინაღობა დაახვედრონ.

„ეკონომიკის სამინისტრომ არაოფიციალურად აცნობა ავიაკომპანია WIZZ AIR-ს, რომელიც ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი ვერ იფრენს არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში. ამავდროულად, არ აძლევენ ავიაკომპანიას ბალტიისპირეთში მოგზაურობის დასტურს. მავნებლური და ეკონომიკისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ პოლიტიკით და არჩევნებით. მთავრობა ამ გადაწყვეტილებით შიმშილობისთვის წირავს ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს

ასევე გამაჩნია ინფორმაცია, რომ ლატვიურ ავიაკომპანიას ეარ ბალტიკ-ს სურს თბილისი-რიგის მიმარტულებაზე კვირაში სამი სიხშირის დამტკიცება, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო უმტკიცებს მხოლოდ ერთ სიმტკიცეს, რის გამოც ლატვიის ელჩი უკმაყოფილების გამოსახატავად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა კანდელაკმა.

Wizz Air -ის პროგნოზით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება.  ავიაკომპანიამ სამივე ლაინერი ბუდაპეშტში გაიყვანა. Wizz Air -ის ბაზის მუშაობის შეჩერების მიზეზი მთავრობის მიერ რეგულაციების გახანგრძლივებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ევროკავშირმა შეიყვანა, ქვეყანა ევროპის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ივლისში არ აღადგენს. უცნობია განახლდება თუ არა მიმოსვლა აგვისტოში - ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მიხედვით,  უმეტესი მიმართულებით ფრენები შეჩერებულია. ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენების აღდგენა მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

ეკონომიკის მინისტრისთვის მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა ბაზირებული ვიზეარის თვითმფრინავები ქუთაისში. ნათია თურნავას კომენტარი ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზირება ტექნიკური საკითხია. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.


close დახურვა