logo
ENG



კობახიძე: 20 ივნისის მერე გახარიას მინისტრობიდან გადაყენების აზრი იყო, მერე რაღაც შეიცვალა

14 ივნ 202122:35
3 წუთის საკითხავი
clock 906
კობახიძე: 20 ივნისის მერე გახარიას მინისტრობიდან გადაყენების აზრი იყო, მერე რაღაც შეიცვალა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მოსაზრება გუნდში არსებობდა, თუმცა მოგვიანებით "გადაწყვეტილება შეიცვალა". 

როგორც კობახიძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა, გახარიას გადაყენების გადაწყვეტილებაზე გარე ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ რა გარე ფაქტორზეა საუბარი მან არ დააკონკრეტა. 

"ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით გახარიას, როგორც ჯერ შს მინისტრს და მერე პრემიერმინისტრს. გახსოვთ, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, არამედ გუნდის შიგნითაც...

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება, და არა ერთი ლიდერი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო რაღაც მომენტში, თუმცა შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. რაღაცამ შეცვალა, არა ვიღაცამ, რამ შეცვალა - ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ალბათ ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. იყო რაღაც გარე ფაქტორი, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მისი განმარტებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.

22 მაისს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა".

 


close დახურვა