logo
ENG



კობახიძე: ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამბობს, ივანიშვილი ოლიგარქია, ომის პარტიის აგენტია

30 ნოე 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock 625
კობახიძე: ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამბობს, ივანიშვილი ოლიგარქია, ომის პარტიის აგენტია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ იქ გაკეთებულ განცხადებებს "არ აქვს არავითარი ფასი".

კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, "ყურადღებით იყვნენ ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილების მიმართ".

"პირველ რიგში, ამ ადამიანების შეფასებას, განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. ძალიან კარგად ვიცით, რა ამოძრავებს ამ ადამიანებს და რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე ამ ადამიანებს არ ამოძრავებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველა მათი გზავნილი. არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი და ასეთი საუბრების უკან დგას შესაბამისი ინტერესები, სურვილი და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილების მიმართ", - ამბობს კობახიძე.

ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასაც გაუსვეს ხაზი, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ "ყველა ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამაზე საუბრობს, ომის პარტიის აგენტია".

"როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს მარტივი ახსნა - ყველა ადამიანი ქვეყნის შიგნით, გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. პირდაპირ ვიტყვი ამას, ყველა ვინც ამას ამბობს, არის ჩვეულებრივად ომის პარტიის აგენტი", - თქვა კობახიძემ.

"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" - ამ სახელწოდებით ბრიუსელში გამართული კონფერენციის შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ,  ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა და ანა ფოტიგამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე და ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაზე ისაუბრეს.

იან კელიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმები აშშ-სა და დასავლეთზე "აიძულებთ, იფიქრონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხის გადახედვაზე".

დევიდ კრამერი უკრაინაში მიმდინარე ომზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველო ვალდებულია დადგეს უკრაინის მხარდამხარ". მისი თქმით, ქართველი ხალხი "ასე იქცევა, მთავრობა - არა".

ასევე, კონფერენციის შემდეგ მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნათელი სურვილია, რომ შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს. ანა ფოტიგამ იმედი გამოთქვა, რომ "ოცნება გაიგებს ხალხის სურვილს, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს, რაც შეიძლება მალე".


close დახურვა