logo
ENG



კორუფცია, დაუსჯელობა, სიძულვილის ენა, გავლენები სასამართლოზე - გაეროს ანგარიში საქართველოზე

28 ივლ 202221:45
3 წუთის საკითხავი
clock 1292
2022/07/28/hmr20p24xiqxp4j.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში მოამზადა. ანგარიში 27 ივლისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში კომიტეტი რიგ სფეროებში არსებული მდგომარეობისადმი შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის ოფისი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საჯარო და კერძო პირების მხრიდან მისი რეკომენდაციების განხორციელების დაბალ დონით.

კომიტეტი აცხადებს, რომ სახელმწიფომ სახალხო დამცველის ოფისისთვის საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსები უნდა უზრუნველყოს, რათა ომბუდსმენმა საკუთარი მანდატის განხორციელება ეფექტურად და დამოუკიდებლად შეძლოს.

 

ანტიკორუფციული ზომები

კომიტეტი შეშფოთებულია კორუფციისა და მოსყიდვის ფაქტებითა და მათი დაუსჯელობით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ საქმეების გამოუძიებლობა, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. მათი თქმით, დაუსჯელობის მიზეზი სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობაა.

კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიიღოს საჭირო ზომები და დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოიძიოს კორუფციის საქმეები. ასევე გადახედოს კანონმდებლობას და მისი ეფექტური განხორციელება უზრუნველყოს.

 

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წარსულის შემთხვევები

კომიტეტი ასევე შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების შენელებული პროგრესისადმი. ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წლის „ციხის ბუნტის“ შემთხვევებზეც არ ჩანს პროგრესი. კომიტეტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დამნაშავეების გასამართლების პროცესში, რაც მათი თქმით დაუსჯელობის გარემოს ქმნის.

 

გენდერული თანასწორობა

გაეროს კომიტეტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციის, ქალების წინააღმდეგ ძალადობის, ოჯახური ძალადობისა და პარლამენტში ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობითობის კუთხით, კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია, რომ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში მყოფი ქალები სათანადოდ კვლავ არ არიან წარმოდგენილნი საჯარო ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.    

 

დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით

ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის, ძალადობის, გამოწვევის და თავდასხმის ფაქტებით. კონკრეტულად, საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისი პრაიდის მარშზე  ამ ჯგუფის, მათი უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა პოლიტიკოსების, საჯარო პირებისა და რელიგიური ფიგურების მხრიდან, რაც დაუსჯელი რჩება.

კომიტეტი ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა დაიცვას ადამიანები სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისგან, როგორც კანონით ისე რეალობაშიც და დარწმუნდეს, რომ ძალადობის საქმეები მყისიერად და ეფექტური გამოძიება, დამნაშავეების დასჯა.

ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს მიიღოს ადეკვატური ზომები პოლიტიკოსების და საჯარო ფიგურების მხრიდან ჰომოფობიური და ტრანსფობიური დისკურსის პრევენციისთვის. ასევე მიიღოს კანონმდებლობა, რითაც ადამიანებისთვის გენდერის აღიარების პროცედურა სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება.

 

სიძულვილის ენა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები

ანგარიშში ასევე საუბარია უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფებისადმი, მათ შორის ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლგბტქი+ ჯგუფისა და მიგრანტების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების, სიძულვილის ენისა და სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე. კომიტეტის თქმით ამგვარ შემთხვევები ხშირად რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ხორციელდება. კომიტეტი შეშფოთებულია ამგვარი დანაშაულების შეუტყობინებლობითა და გამოძიების სიმცირით.

ამ კუთხითაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ებრძოლოს არატოლერანტულ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებსა და სიძულვილს მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებითა და სამართალდამცავ ორგანოების წევრების სპეციალური წვრთნებით.

 

ქალთა მიმართ ძალადობა

ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობით, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევაში და ამ საქმეების წარმოებისა და დამნაშავეების დასჯის დაბალი რიცხვით. გარდა ამისა, კომიტეტის თქმით, საგანგაშოა, რომ მსხვერპლი საკმარისად არაა დაცული და არ იღებს სათანადო, მათ შორის ფსიქოლოგიურ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს თავშესაფარს თუ მას მიღებული აქვს მსხვერპლის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს თანხმობის არ არსებობას, როგორც გაუპატიურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. გარდა ამისა  ღირსების შემლახავი დანაშაულების განმარტება არაა მკაფიოდ გაწერილი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მუშაობისკენაც მოუწოდებს.

 

სიცოცხლის უფლება, წამების და სხვა ბოროტი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა

ანგარიშის ამ ნაწილში კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით, კონსულტაციების გარეშე გაუქმებისა და ადამიანის უფლებადამცველ სხვა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ამ ფაქტის მსუსხავი ეფექტის გამო. კომიტეტი შეშფოთებულია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და წამების ბრალდებების გამოძიება, ხშირ შემთხვევაში, არა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მუხლით არამედ ძალის გადამეტების მუხლით ხდება.

ანგარიშში საუბარია 2017 წელს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზეც, რის გარშემოც, კომიტეტის თქმით, ეფექტური გამოძიება ამ დრომდე არ ჩატარებულა.

 

ადმინისტრაციული დაკავება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსში გაუთვალისწინებელი საკითხებით. მათ შორის, კომიტეტის თქმით, ადმინისტრაციული დანაშაულების შემთხვევაში სამხილების სტანდარტები ბუნდოვანია, დაკავებულს არ აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხშირად არ იღებენ სამართლებრივ გარანტიებს, მათ შორის არ აქვთ იურიდიულ კონსულტაციაზე წვდომა და მოსამართლის წინაშე დროულად წარდგომის უფლება. ეს ყველაფერი კი, კომიტეტის თქმით, ზრდის არასათანადო მოპყრობის რისკებს, როგორც დაკავებისას ასევე პატიმრობისას.

კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეუსაბამოს ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსი გაეროს ხელშეკრულებას.

 

დევნილებისადმი მოპყრობა

ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ცნობები, რომ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების დაახლოებით 52% კვლავ ელის თავშესაფრის მიღებას, მრავალი ოჯახი კი მუნიციპალურ შენობებში, სკოლებსა და ბანაკებში ცხოვრობს - ეს ადგილები გრძელვადიანი ცხოვრებისთვის შეუსაბამოა, ხშირად ამ შენობებში არაა წყალი, ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა.

კომიტეტის ცნობით, ასევე შემაშფოთებელია, რომ დევნილებს შორის მაღალია სიღარიბის წილი, ყოველთვიური სოციალური დახმარება არასაკმარისი ოდენობისაა და დევნილებს არ აქვთ სათანადო წვდომა სერვისებზე.

კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, დევნილებისთვის დროულად უზრუნველყოს მდგრადი საცხოვრებელი და გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები კოლექტიურ ჩასახლებებში. ასევე შემოსავლის შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური დახმარების პროგრამების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი პროცესი

კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია საქართველოს სასამართლოში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობით. მათი თქმით, განსაკუთრებით შეშფოთებულია მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობით, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციით.

კომიტეტის აზრით, ასევე პრობლემურია ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო ირჩევს და ათავისუფლებს დამოუკიდებელ ინსპექტორს, რაც ინსპექტორის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებზეც, მათ შორის ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე. კომიტეტი აცხადებს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში შემაშფოთებელია ცნობები, რომ მისი პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს.

 

პირადი ცხოვრების უფლება

კომიტეტის ანგარიშში ერთ-ერთი საკითხია პირადი ცხოვრების უფლება, რის გარშემო არსებულ მდგომარეობასაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე შემაშფოთებლად აფასებს. კომიტეტის თქმით, შეშფოთების საფუძველს ქმნის თვალთვალით, მიყურადებითა და პირად მონაცემებზე წვდომით პირადი ცხოვრების უფლებაში შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის მექანიზმების ნაკლებობა.

კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ ცნობებით, რომელიც ელექტრონულ თვალთვალს აწარმოებს და აქვს როგორც მარეგულირებლის ასევე მონიტორინგის უფლებები. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სააგენტო არაა საკმარისად დამოუკიდებელი სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან.

„სისხლის სამართლის კოდექსის პროცედურებში შეთავაზებულ შესწორებებზე პრეზიდენტის ვეტო აღსანიშნავია, თუმცა კომიტეტი იმედგაცრუებულია ამ საკანონმდებლო მცდელობით, რომ გაიზარდოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და ხანგრძლივობა, რამაც შესაძლოა სერიოზულად დაარღვიოს პირადი ცხოვრების უფლება.“ - წერია ანგარიშში.

ამ შემთხვევაშიც, ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი შეუსაბამონ გაეროსთან დადებულ შეთანხმებას.

 

გამოხატვის თავისუფლება

ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია მედიაში პოლარიზაციით და ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული, ფინანსური და სასამართლო საშუალებებით, მედიაზე ზეწოლით, რისი მაგალითიცაა მათ შორის კრიტიკული მედია საშუალებების საკუთრების ან მმართველობის შეცვლა და მედიასაშუალებებისა და მათი თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

კომიტეტის თქმით ჟურნალისტების, ადამიანის უფლებადამცველების და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ მუქარის, ძალადობისა და თავდასხმის ფაქტების რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. კომიტეტის თქმით, ამ ტიპის დაუსჯელ ქმედებებში ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობენ.

გაეროს კომიტეტი აცხადებს, რომ ასევე შემაშფოთებელია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე პოლიტიკური გავლენები და მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა.

„სახელმწიფომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა თავიდან აირიდოს და აუკრძალოს საჯარო პირებს და კერძო აქტორებს, მათ შორის რადიკალური ჯგუფების წევრებს ჟურნალისტების, ხელოვანების, მწერლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ განხორციელებაში ჩარევა“ - წერია ანგარიშში.

ამ ქვეთავში გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიუკერძოებლად და დროულად გამოიძიოს 2021 წლის 5-6 ივლისის და ასევე აფგან მუხთარლის საქმეები.

 

მშვიდობიანი შეკრების უფლება

კომიტეტისთვის საყურადღებოა საპროტესტო აქციებისას აქტივისტების, ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები. კომიტეტს მაგალითად 2019 წლის ივნისისა და ნოემბრის მოვლენები მოჰყავს, რისი ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, მათი თქმით, არ მომხდარა. ამ ნაწილშიც საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე, როცა სახელმწიფო ორგანოებმა ლგბტქი+ ადამიანების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს და არც დამნაშავეები და არც ამ თავდასხმის ორგანიზატორები არ დასჯილან.

 

საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში წერია, რომ არჩევნებზე ხმების ყიდვის, საარჩევნო კამპანიის რესურსების არასათანადო გამოყენების და მმართველი გუნდის სასარგებლოდ არჩევნების არასათანადო ზედამხედველობის ფაქტები, ისევე როგორც საზოგადოების მხრიდან არჩევნების პროცესისადმი უნდობლობა შემაშფოთებელია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიის პოლარიზაცია ხელს უშლის პლურალისტური პოლიტიკური დებატების არსებობას და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ამომრჩევლების მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ასევე შემაშფოთებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ საარჩევნო კამპანიებისას მუქარის, ძალადობისა ფაქტები.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ საკითხებში მონაწილეობის უფლების სრულად განხორციელება, მათ შორის ოპოზიციის პოლიტიკური კანდიდატებისთვის და საკუთარი საარჩევნო რეგულაციები და პრაქტიკები სრულად შეუსაბამოს [გაეროს] შეთანხმებას, მათ შორის მის 25-ე მუხლს“ - წერია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე, კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვის აუცილებლობასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.


close დახურვა