logo
ENG



ლელო: თუ ოცნება უარს იტყვის კონსულტაციებზე, პარლამენტში მუშაობას ამ რეჟიმში ვერ განვაგრძობთ

27 ივნ 202217:01
3 წუთის საკითხავი
clock 1227

ლელო აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს და უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, მათი პარტიის საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ევროპული მომავლის დასაცავად მთავარი ამოცანაა: "ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყონებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის".

"მივმართავთ ქართულ ოცნებას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.

აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ქართული ოცნება უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ლელო მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას.

თუ პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს- ნათქვამია განცხადებაში.

***

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს. 

"ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა."

მათი თქმით, ისინი აძლევენ ხელისუფლებას 1 კვირას იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის თანხმობა.

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება თუ ბიძინა ივანიშვილი, პირადად, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს. დავანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ქალაქში, სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა!" - განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა. 


close დახურვა