logo
ENG



ლომჯარიას თქმით, ათასობით თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, ხმის მიცემა ვერ შეძლოს

26 ოქტ 202016:22
3 წუთის საკითხავი
clock 1213
ayawj89mj9u7s1n.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რამდენიმე ათასმა თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, შესაძლოა, არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლოს. ნინო ლომჯარიას თქმით, ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. კერძოდ, თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა არ იცის, რომ შეუძლია გადასატანი ყუთის მოთხოვნა.

"დღეს არის თვითიზოლაციაში მყოფთათვის ბოლო ვადა, რომ დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი 0) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუმცა, ცესკო გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანს მხოლოდ მათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხვაში იმყოფება, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი (ინფიცირებული, თუ კონტაქტში მყოფი)", - წერს ომბუდსმენი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში.

"ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს", - წერს ლომჯარია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა. 

თუმცა, მათი ნაწილი არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის მიმღებთა კრიტერიუმებს. 

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამომრჩევლებმა ცესკოს 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ და ცენტრალური საარჩევნო კომისია, კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 5 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა