logo
ENG



მედიაზე თავდასხმები, ძალადობა ქალებზე, LGBT თემის შევიწროება - HRW-ის ანგარიში საქართველოზე

12 იან 202312:22
3 წუთის საკითხავი
clock 881

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებამ განიცადა უკუსვლა მედიის წარმომადგენლებზე მრავალი თავდასხმისა და კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დაპატიმრების გამო.

გარდა მედიაგარემოსი, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია: უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებსა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 12 საკითხთან მიმართებაში პროგრესი განაპირობებს, რომელთა უმეტესობაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება.

 

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების ბოროტად გამოყენებისთვის

HRW-ის ანგარიშის ამ ქვეთავში ნათქვამია, რომ "საქართველოში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის დაუსჯელობა შენარჩუნდა". ნათქვამია, რომ 2021 წელს პარლამენტმა ნაჩქარევად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იძიებდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ დარღვევებს, ნაცვლად ამ უწყებისა, კი ჩამოაყალიბა ორი ახალი ცალკეული ორგანო, რომლებსაც დაევალათ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებების ბოროტად გამოყენების გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის მონიტორინგი".

ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების "მოულოდნელი გადაწყვეტილება" მოჰყვა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობას და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიების დადგენას".

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მოუწოდა პარლამენტს, მხარი არ დაეჭირა პარლამენტისთვის, რადგან მას არ ჰქონდა საჭირო კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ძირს უთხრის ორგანოს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას".

გარდა ამისა, ანგარიშის პირველ ქვეთავში მოხვდა სხვა საკითხებიც:

  • ოქტომბრისთვის ომბუდსმენის ოფისმა მიიღო 70 საჩივარი ციხის თანამშრომლებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. HRW-ის ცნობით, ანგარიშის მომზადების დროს, ხელისუფლება 61 საქმეს იძიებდა და არცერთ საქმეზე არ იყო დამდგარი დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
  • იანვარში ადგილობრივმა სატელევიზიო ქსელებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს მეტროსადგურში. ერთმა ოფიცერმა ბიჭს რამდენჯერმე გაარტყა ხელი და მუშტი, მეორე კი იქვე იდგა. სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძია აღნიშნული ფაქტი და ივლისში სასამართლომ პოლიციელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • მაისში, მოძრაობა სირცხვილიას ლიდერმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა მას ხელბორკილები გაუკეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემდეგ, რაც ის ჯარიმის ქვითრის ასაღებად მივიდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, გამოძიება დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.
  • ივნისში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა სადავო კანონპროექტი თვალთვალის შესახებ... მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონით, დაშვებული გახდა განუსაზღვრელი ვადით სატელეფონო მოსმენა და სხვა სახის გაუფრთხილებელი თვალთვალი 77 დანაშაულთან დაკავშირებით
  • აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ საკონსტიტუციო საკითხებში მოუწოდა ხელისუფლებას, გადაეხედათ აღნიშნული კანონპროექტისთვის და განაცხადა, რომ "ფარული თვალთვალი უნდა იყოს განხილული, როგორც გამონაკლისი" და უნდა იყოს "ფრთხილად ფორმულირებული სახელმწიფოს მიერ". საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს დაადო ვეტო, თუმცა მმართველმა გუნდმა სექტემბერში დაარღვია ის.
  • სექტემბერში, ოპოზიციურმა ტელეკომპანია პირველმა გაასაჯაროვა "გაჟონილი მასალები", რომლებიც სავარაუდოდ მიუთითებს "უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ოპოზიციური პარტიების მასობრივი თვალთვალის დოკუმენტებზე, მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ".

 

მედიის თავისუფლება

HRW-ის ანგარიშში მედიის თავისუფლებაზე საუბარი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის მისჯით საკითხით იწყება. ნათქვამია, რომ გვარამია დააკავეს "სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით".

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "სამოქალაქო საზოგადოებამ გააკრიტიკა, როგორც უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული". გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ამბობდა, რომ "საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო, არ შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ნიკა გვარამიას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა".

ანგარიშის თანახმად, საქართველოში იყო არაერთი თავდასხმა ჟურნალისტებზე და იყო შემთხვევები, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის. მოყვანილია მაგალითები, როგორც ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე, ასევე მთავარი არხის წარმომადგენლებზე თავდასხმების. გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა ინციდენტი, როდესაც "დეპუტატი, სავარაუდოდ, ფიზიკურად დაესხა თავს ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელს, ვახტანგ წერეთელს". ამასთან, ნათქვამია, რომ "მაისში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა ხელმძღვანელები "ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში "უხეშ ჩარევაში" დაადანაშაულა.

 

შრომის უფლებები

ანგარიშში ნათქვამია, რომ "მიუხედავად ბოლოდროინდელი საკანონმდებლო გაუმჯობესებია, სამართლიანი შრომითი პირობები საქართველოში კვლავ შეშფოთების საგანია". აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არ გააჩნიათ სამართლებრივი გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები და აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის არაეფექტურობას რესურსების ნაკლებობა აფერხებს.

HRW აღნიშნავს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე 12-ჯერ ნაკლებია და რაც "არ განახლებულა 1999 წლის შემდეგ". ასევე აღნიშნულია, რომ ხელფასის სიმცირეს ამწვავებს "ხელფასის მოპარვის" დამკვიდრებული პრაქტიკა.

აღნიშნულია, რომ "ხელფასის მოპარვის" პრაქტიკით ჯანდაცვის მუშაკები ზარალდებიან. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს შრომის ინსპექციამ დაადგინა, რომ 86 კერძო კლინიკამ, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება ექთნების ხელფასების შესავსებად, თანხები სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. ანგარიშში პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასების ზრდა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე არსებული უსაფრთხოება. მოყვანილია შრომის ინსპექციის მონაცემები, რომლის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 23 მუშა დაიღუპა, 230 კი დაშავდა.

 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა  

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და არიან ძალადობის მსხვერპლნი.

  • მაისში 30-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს თბილისში, საკუთარ სახლში. თავდამსხმელები ქვებითა და აგურით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ქალებს, დააზიანეს მათი სახლი და დაემუქრნენ სიკვდილით. HRW-ის ანგარიშის მომზადების პერიოდში, გამოძიება მიმდინარეობდა.
  • ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი, ლგბტ თემის უფლებების დამცველი ჯგუფის - "თბილისი პრაიდის" ოფისზე 2021 წელს თავდასხმის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა. "2021 წლის ივლისში, ლგბტ თემზე მასობრივი თავდასხმის შედეგად, დაშავდა ათობით ადამიანი და გადაიდო ღირსების მარში" - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. 26 პირს კი, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, პატიმრობა შეეფარდა, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები დაუსჯელნი დარჩნენ.
  • ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის ძალადობის ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და აღნიშნულია, რომ ამ დროს "ხელისუფლებამ ვერ შეძლო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან".

 

ქალთა უფლებები

ქალთა უფლებებთან დაკავშირებით HRW-ის ანგარიშში პროკურატურის მონაცემებია მოყვანილი და აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 13 ფემიციდის შემთხვევა და ოჯახის წევრების მიერ ქალების მკვლელობის 11 მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. HRW ადამიანის უფლებათა ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ "სასამართლოები ხშირად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ მოძალადე პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ მუქარას".

2021 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ქალების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. "ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც განიცადა საჯარო დამცირება და ძალადობა", - აცხადებენ HRW-ში.

 

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის განცხადების საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ მიანიჭებს, რაც ქვეყანა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტს შეასრულებს. ესენია პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტია, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მოწყვლადი ჯგუფების გენდერული თანასწორობის უფლებების გაძლიერება.

ანგარიშში მოხვედრილია ივნისში, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც წუხილს გამოთქვამს "საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო - დაშინების, ძალადობისა და მედიის წარმომადგენლებთან და მფლობელებთან დაკავშირებული პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების ჩათვლით".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სექტემბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამოძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს, გააძლიეროს ძალისხევა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაიცვას ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობისგან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

"ივნისში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ, მაგრამ ასევე "ღრმა შეშფოთება გამოქვეს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის მიმართ".

თებერვლის ვიზიტის შემდეგ, დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთესი დაცვა", - აღნიშნულია HRW-ის ანგარიშში. 


close დახურვა