logo
ENG



მელიას გამოშვება, დევნის შეწყვეტა და მისი ჩამოსვლა - სააკაშვილი ნორმალიზების გზაზე საუბრობს

27 აპრ 202115:56
3 წუთის საკითხავი
clock 991
2021/04/27/hqs5q9mjrbtiet7.jpg

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მისვლას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების სრულად ნორმალიზაციისთვის რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი - ნიკა მელიას გათავისუფლებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტის გარდა, სააკაშვილი მისთვის ქვეყანაში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობასაც კრიზისის გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს. 

"იმისათვის, რომ მოხდეს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი. საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია, ენმ-ის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე - იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული. 

მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, უამრავი ადამიანის, მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების....

და მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. 

სრული ნორმალიზაციისთვის არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი", - ამბობს სააკაშვილი მის მორიგ ვიდეომიმართვაში. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პარლამენტში ამ დრომდე არ მიდიან. მათთვის პრობლემურია პარტიის დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი - შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტიის შესახებ ჩანაწერს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე სხვადასხვაგვარად განმარტავენ. 

ჩანაწერი, რომელიც 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ამნისტირებას ითვალისწინებს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აქტივისტების დარბევაში მონაწილე სამართალდამცველებსაც უნდა შეეხოს, ისევე როგორც, 20 ივნისის საქმეზე აღძრულ შემდგომ საქმეებსაც. 

დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებენ პარლამენტში შესული ოპოზიციის წარმომადგენლები, ამნისტიის მსგავსი პროექტით გათავისუფლებას ეწინააღმდეგება თავად ნიკა მელიაც. 

 

 


close დახურვა