logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ წირვას დავესწრებოდი

25 მაი 202314:06
3 წუთის საკითხავი
clock 1014

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ საპატრიარქო ინფორმირებული იყო მოსკოვში მისი ვიზიტის შესახებ, თუმცა პატრიარქისთვის არ იყო ცნობილი წირვაზე დასწრების თაობაზე. გარდა ამისა, მიტროპოლიტი ფორმულასთან ამბობს, რომ რუსეთის პატრიარქი ომის მხარდამჭერი არაა.

"პატრიარქი კირილეს ანგელოზის ხსენების დღე იყო, მიმიწვიეს წირვაზე. მე ვეღარ მოვასწარი პატრიარქის ინფორმირება. ერთი მხრივ პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ ვაპირებდი წირვაზე დასწრებას, ვეღარ მოვასწარი შეთანხმება.

პატრიარქი კირილე რომ ომს აკურთხებს და ახალისებს, ეს არის ტყუილი ინფორმაცია. ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ პატრიარქი კირილეს კანონიკური ტერიტორიაა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს. თვითონ ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში, და შესაბამისად თავის ეპარქიაში, თავის ადგილობრივ ეკლესიაში, ის ვერ აკურთხებს ვერანაირ ომს, რადგანაც ყველანი მისი სულიერი შვილები არიან, ეს არის ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი და სხვა ტერიტორიები სადაც ვრცელდება რუსეთის იურისდიქცია", - თქვა სინოდის წევრმა.

მისივე თქმით, ომი ევქარისტული კავშირის გაწყვეტის მიზეზი ვერ იქნება.

"ბევრად უფრო მტკივნეული და ბევრად უფრო მძიმე იყო აგვისტოს ომი,პირველ რიგში, მაგრამ მთავარი აფხაზეთის ომი, როდესაც დავკარგეთ ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, ჩამოვდივართ, ვმსახურობთ, ვესაუბრებით, ვაწარმოებთ ამ დიალოგებს და იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგები შედეგს გამოიღებს. ევქარისტული კავშირის გაწყვეტა, თუნდაც ომის მიზეზით არ არის სწორი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ სლავური დამწერლობისა და კულტურის, ასევე, პატრიარქი კირილეს სახელობის დღეს.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წარმომადგენლები იყვნენ ოთხი ეკლესიიდან - ანტიოქიის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქო, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქო.

ლიტურგიას ასევე დაესწრნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, მოსკოვის მერიის წარმომადგენლები, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რუსეთის რეჟიმის სხვა წარმომადგენლები. 

ლიტურგიის დროს პატრიარქმა კირილემ რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა