logo
ENG



მოსყიდვა, ძალადობა, მუქარა - TI, ISFED და ქარტია წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ

29 ოქტ 202012:40
3 წუთის საკითხავი
clock 2146

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობის ფაქტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ, მკვეთრად პოლარიზებული სამაუწყებლო მედია და ა.შ. - არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლიანი არჩევნები (ISFED) და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ (TI) და ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება წარადგინეს.

როგორც შეფასებაშია ნათქვამი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა, კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა. ამასთან, პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირების და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით. ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქარტიაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო. 

შეფასებაში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული, გავრცელებული ინფორმაცია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ორი ქალი პოლიტიკოსის მიმართ და ნათქვამია, რომ ეს განსაკუთრებით მძიმე პირობებში აყენებს ქალ კანდიდატებს და აფერხებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას. 

შეფასებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა.

"საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის  შემთხვევები, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლას და მუქარას, ასევე ფიზიკურ ძალადობას. ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც თავის მხრივ უთანასწორო გარემო შექმნა. წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზების და პარტიების/კანდიდატების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედიაგარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული საინფორმაციო კამპანიები", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ხოლო დამკვირვებლები მრავლად იღებდნენ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტების თვალთვალის შესახებ, ხვდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ქარტია აცხადებენ, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში მივლინების შესახებ ხელმძღვანელობისგან მიღებული დირექტივით, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლის და მუქარის ბერკეტი. აღნიშნულს ყალბ ამბად აფასებს შსს და საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. 

"ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ მხარდამჭერთა სიის მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა - საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა მათ ნაწილს ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს სავარაუდოდ, საკუთარი ან ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციის გამო", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დააზიანა  ძალადობრივმა შემთხვევებმა, რაც ძირითადად ფიზიკურ ძალადობაში და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა გამოავლინეს.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ. უკიდურესად საშიშ პრეცედენტად უნდა შეფასდეს სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას ევროპული საქართველოს ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტი. ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად გამოხატული იყო ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თავდასხმებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის ლიდერები", - აღნიშნულია შეფასებაში.

კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა კერძო საკუთრების ხელყოფას, ასევე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ოფისში უცნობ პირთა შეპარვას, კანდიდატის განცხადებით, სათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკის გაგრძელებაზეც - მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაციაზე.

"საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ. მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებდნენ", - აღნიშნულია შეფასებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მოსყიდვის 60-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე  ოპოზიციური პარტიების (შედარებით მცირე მასშტაბით) წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც შეიცავდა. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანიებში არაუფლებამოსილი პირებიც იყვნენ ჩართულები. 

"სააგიტაციო შეხვედრებზე, სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება. ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობაც. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა", - ნათქვამია შეფასებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები დავით გარეჯას საქმეზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

ანგარიშში მოხვდა პარტიების შემოწირულობებიც. როგორც შეფასებიდან ირკვევა, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულობების თითქმის ნახევარი მმართველმა პარტიამ მიიღო.

"პოლიტიკური კორუფციის თვალსაზრისით კვლავ რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ  ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორი სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის დოსიე ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი", - ნათქვამია ანგარიშში.  

შეფასებაში საუბარია მედიაგარემოზეც და ნათქვამია, რომ ის წინასაარჩევნოდ მკვეთრად პოლარიზებულია. კერძოდ, ქართული ოცნების წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია ფორმულაში, მთავარ არხზე, TV პირველსა და კავკასიაში ვიზიტზე, მაშინ, როდესაც იმედსა და POSTV-ის ხშირად სტუმრობდნენ. მათ, ასევე, უარი განაცხადეს, მონაწილეობა მიეღოთ პალიტრა TV-ის ეთერში გამართულ დებატებში და, ძირითადად, წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში.

შეფასებაში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები.  

"ადგილი ჰქონდა კონკრეტული მედია საშუალების - პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელის შეშლა იყო შემაშფოთებელია ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარა, რაც, მისი შვილის განცხადებით, განპირობებული იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედია გარემოს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ ფეისბუქ სივრცეში ინტენსიური იყო ანონიმურ ფეისბუქ გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები.

არასამთავრობოების თქმით, დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატებოდა მათ მიერ წარმოებულ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას. 

შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ანონიმური დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიების გარდა, სოციალურ მედიაში აქტიური იყვნენ ფეისბუქ გვერდებიც, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისების მიზნით ორგანიზებულად ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, ანტი-ლიბერალურპრო-რუსულ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს, პარალელურად კი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა