logo
ENG



ჟვანია: იმედია, ყველა, ვინც ცესკოს ადანაშაულებდა, გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება

12 დეკ 202015:59
3 წუთის საკითხავი
clock 1068

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სამართლიანი არჩევნების მიერ პარალელური დათვლის შედეგების შეცვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ამან "მყარად დაადასტურა არჩევნების შედეგების სიზუსტე". 

ჟვანია ამბობს, რომ ამის ფონზე იხსენებს "მძიმე დღეებს, ტალახის სროლას, ბრალდებებს, შეურაცხყოფას, ბულინგს და მუქარას ცესკოს და პირადად მის მიმართ" და იმედს გამოთქვამს, რომ დამოკიდებულებები ახლა მაინც შეიცვლება. 

"იმედია, თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება". - წერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქზე. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.

დღეს, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. 


close დახურვა