logo
ENG



რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელსაც ქართული ოცნება კანონის მიღებამდე არ დაელოდა

09 ოქტ 202014:24
3 წუთის საკითხავი
clock 493
hc5ook3ba8c29x6.jpg

ვენეციის კომისიამ უზენაესი საერთო სასამართლოების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს უკვე მიღებული საკანონმდებლო შესწორებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. 

მმართველი გუნდი, ქართული ოცნება მის მიერვე მოთხოვნილ ვენეციის დასკვნას არ დაელოდა, ისე მიიღო საკანონმდებლო შესწორებები. 

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაში გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ხმის მიცემის დროს არგუმენტირებული დასაბუთების თანდართვას მოითხოვს. ასევე გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის ფარულობა გაუქმდა. 

თუმცა კანონპროექტში პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მოთხოვნა, საჯარო გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვის აძლევს ხმას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. 

"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვითარება უჩვეულოა და ის მოითხოვს უმაღლესი დონის გამჭვირვალობას, რაც არ არის სტანდარტული მოლოდინი ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარსულში ჰქონდა დამაჯერებლობისა და სანდოობის პრობლემა ქართულ სისტემაში", - ვკითხულობთ ვენეციის დასკვნაში. 

დამტკიცებული შესწორებები კრიტიკულად შეაფასა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

თავად ვენეციის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა, ნაწილი კი - არა. 

გთავაზობთ კომისიის დასკვნას სრულად: 

"რაც შეეხება იმ რეკომენდაციას, რომელიც შეეხება "იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, და პროცედურის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობას, რომლითაც თითოეული კანდიდატი ფასდება, კანდიდატთა ისეთი ნაკადის შექმნას, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამ ნაკადში კანდიდატების რანგირება იმ ქულების მიხედვით უნდა მოხდეს, რომელსაც ისინი შეფასების პროცესში მიიღებენ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატები წარედგინოს". ასევე, რაც შეეხება რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც "კანდიდატების შერჩევა და გამორიცხვა დასაბუთებული გადაწყვეტილების შედეგად უნდა მოხდეს", კანონპროექტში შესატანი შესწორებები სწორი მიმართულებით არის წასული, ფარული კენჭისყრის გაუქმების და ხმის მიცემის არგუმენტირებული დასაბუთებითურთ წარმოდგენის აუცილებლობის გამო. 

კომისიის სხვა რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, სასამართლო გასაჩივრების უზრუნველველყოფასთან დაკავშირებით, უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არ აირჩიოს რომელიმე კანდიდატი, აუცილებელია: 

კენჭისყრისა და თანდართული დასაბუთების გასაჯაროვებასთან ერთად, გასაჯაროვდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმისმიმცემი წევრის იდენტობა. 

დაშვებული იყოს მეორე და უკანასკნელი გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო კომისიაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. 

რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც"არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა უნდა გადაიხედოს", რადგან მხოლოდ კონკრეტულ სამართლის დარგში კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს აქვთ უფლება, იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები. მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა უხდებოდეთ გამოცდის გავლა, იმის დასამტკიცებლად, რომ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის უნარი აქვთ, რაც უზენაესი სასამართლოს საქმიანობის არსებითი ნაწილია.

რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა გამოირიცხოს კანდიდატების შერჩევასა და ნომინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურისგან" და რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც "უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურა უნდა დაიწყოს მანამ, სანამ მოსამართლეს საქმიანობის ვადა ამოეწურება, რათა უზენაეს სასამართლოში არასაკმარისი მოსამართლეები არ დარჩნენ" გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის 1-ლი მაისს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებებში

2019 წლის ივნისში კომისიის მიერ გაცემული სხვა რეკომენდაციები, როგორც ჩანს, არ იქნა გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში. 

ვენეციის კომისია სინანულით აღნიშნავს, რომ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცება მოხდა მესამე და ბოლო მოსმენით 2020 წლის 30 სექტმებერს, თუმცაღა ახლა ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებაში რჩება ამ საკითხზე შემდგომი თანამშრომლობისთვის", - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. 

საქართველოს პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი პრესმდივანი. მან ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე მიღებულ ცვლილებებს "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" უწოდა, რათა ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.


close დახურვა