logo
ENG



რამიშვილი: მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ

07 აგვ 202017:14
3 წუთის საკითხავი
clock 346

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა დასრულდა. უწყებაში ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც იმყოფებოდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა, რომ არ გაავრცელოს იმგვარი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებს.  

"იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ამაზე მივეცით საბოლოო გაფრთხილება და რჩევა. პასუხად დაველოდები შედეგს. პასუხი ყოველთვის არის "დიახ", მაგრამ შედეგი არის საპირისპირო", - განაცხადა რამიშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკანასკნელ ორ დღეში 2 განცხადება გაავრცელა. პირველი განცხადების მიხედვით, ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა. მეორე განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით - "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" - ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული. 


close დახურვა