logo
ENG



სააკაშვილი ნამახვანზე: 15 წლის წინ ჰესის მომხრე ვიყავი, თუმცა ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი

30 მაი 202121:14
3 წუთის საკითხავი
clock 934
სააკაშვილი ნამახვანზე: 15 წლის წინ ჰესის მომხრე ვიყავი, თუმცა ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას ჰესებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 10-15 წლის წინ ის ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, თუმცა ნამახვანჰესის ნაირ პროექტს მხარს არასდროს დაუჭერდა. 

მისივე თქმით, 15 წლის წინ სულ სხვა რეალობა იყო და მაშინ "მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ჰიდრო და სხვა რესურსები". 

"ამ ხანებში მესმის ჩემს ციტატებს ატრიალებენ, თითქოს სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, თუმცა არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს, რიონს გააქრობდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს პროექტი გახარიას ხელმოწერით", - ამბობს სააკაშვილი. 

სააკაშვილს მაგალითად ჰოლანდია მოჰყავს და ამბობს, რომ ქვეყანამ უარი თქვა გაზის მოპოვებაზე და მთლიანად ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადადის.

"სხვათა შორის, 2009-2010 წლებში გვქონდა გეგმა, მაშინ ბესო ჯუღელი აწარმოებდა ქარის დანადგარებს, რომ პრეზიდენტის სასახლე მთლიანად გადაგვეყვანა ქარის დანადგარებზე. დაგვედგა ორი ქარის დანადგარი პრეზიდენტის სასახლის უკან როგორც სიმბოლო, რომ ჩვენ გადავდივართ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ გვინდოდა საერთოდ მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ახლა უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ ეს არ იყო, როცა ვამბობდით, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ...

ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, რადგან, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა