logo
ENG



სანქციები დამატებით 120 პირს, შეზღუდვები ვაჭრობაზე - EU-მ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო

25 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock 678
2023/02/25/1vpdnuyy31edouh.jpg

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო, რომელიც დამატებით 120 ადამიანის და კომპანიის სანქცირებას, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს და ექსპორტზე შეზღუდვებს მოიცავს.

ევროპულმა საბჭომ სანქციების ახალი პაკეტი დღეს დაამტკიცა. 

სანქცირებულთა სია

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიას 120 ადამიანი და კომპანია მიამატა, მათ შორის არიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სამხედრო ლიდერები ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომში არიან ჩაბმულები, ასევე ე.წ ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა დანიშნა.

ევროპული საბჭოს ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან ის ადამიანები, ვინც უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და რუსეთში გადაყვანაზე არიან პასუხისმგებელი, ასევე ის ორგანიზაციები და პირები, "ვინც საჯარო სფეროს დეზინფორმაციით აბინძურებენ და სამხედრო ომს ინფორმაციულ ომს უმატებენ".

ასევე დამატებით 2 რუსული საინფორმაციო საშუალება მიემატა ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიას.

ასევე სანქციები დაუწესდათ იმ ირანის მოქალაქეებს, ვინც რუსეთს დრონებს აწვდიან ან სხვა სამხედრო დახმარებას უწევენ. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ვაგნერის ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები სხვა ქვეყნებში, მაგალითად მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

დამატებითი შეზღუდვები ექსპორტზე

რუსეთისთვის დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები შეეხო ორმაგი დანიშნულების მაღალ ტექნოლოგიებს, რაც რუსეთის უკრაინიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და მისი პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციით რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებაში უწყობს ხელს. ეს მოიცავს რუსეთის აღჭურვილობაში დამატებით ელექტრონულ კომპონენტებზე - დრონებზე, რაკეტებზე, ვერტმფრენებსა და სხვა მოწყობილობებზე, ასევე სხვადასხვა ტიპის სახმელეთო და თერმულ კამერების ექსპორტზე შეზღუდვებს.

გარდა ამისა ევროკავშირმა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 96 კომპანიას - მათ შორისაა ვაგნერთან დაკავშირებული ორგანიზაციები. სანქცირებულთა სიაში პირველად მოხვდა 7 ირანული კომპანია, რომლებიც რუსეთს სამხედრო Shahed დრონებს აწვდიან, რაც უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

საექსპორტო შეზღუდვები შეეხო სხვა ისეთ პროდუქტებს, რისი გამოყენებაც რუსეთს ომში შეუძლია. მათ შორისაა

  • ტრანსპორტი: მძიმე სატვირთო მანქანები (და მათი ნაწილები), ნახევრად ტრაილერები და სპეციალური ტრანსპორტი, მაგალითად თოვლის მანქანები.
  • პროდუქტები, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენებაც შესაძლებელია: ელექტროგენერატორები, ბინოკლები, რადარები, კომპასები და ა.შ
  • სამშენებლო საქონელი, როგორიცაა ხიდები, კოშკების მსგავსი კონსტრუქციები, სატვირთო მანქანები, ამწეები და ა.შ.
  • პროდუქტები, რომლებიც რუსული ინდუსტრიის შესაძლებლობების გაზრდისთვის აუცილებელია: ელექტრონული მოწყობილობები, მანქანის ნაწილები, ტუმბოები, ლითონზე სამუშაო დანადგარები და ა.შ
  • სრული ინდუსტრიული საწარმოები - ევროკავშირის ცნობით, ეს კომპონენტი ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით დაამატეს.
  • საავიაციო ინდუსტრიაში გამოყენებული პროდუქტები (ტურბორეაქტიული თვითმფრინავები).

ევროკავშირის ცნობით, ახალი შეზღუდვები მოიცავს 11.4 მილიარდის ღირებულების ევროკავშირის ექსპორტებს. დღევანდელი მონაცემებით კი ევროკავშირმა რუსეთში 2021 წლის მისი ექსპორტების 49%-ზე სანქციები დააწესა.

შეზღუდვები იმპორტზე

დამატებითი აკრძალვები შეეხო რუსეთის მაღალშემოსავლიან პროდუქტებს.

  • ბიტუმს და მასთან დაკავშირებულ მასალებს, როგორიცაა ასფალტი
  • სინთეტიკურ რეზინის და მყარ ნახშირბადს.

ფინანსური სექტორი

სანქცირებულთა სიას კიდევ 3 რუსული ბანკი დაემატა. სანქციები მოიცავს ქონების გაყინვას და ფინანსებსა და ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

სხვა ზომები

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა.

რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროკავშირში ბუნებრივი აირის რეზერვების ქონა.

ევროკავშირმა ასევე მიიღო დამატებითი ზომები, რაც კავშირის ქვეყნებს, რუსეთის ქონების ჩამორთმევაში დაეხმარება.

ევროკავშირის ცნობით, სანქცირებულთა სიას დაემატა მესამე ქვეყნის გადამზიდავი კომპანია, რომელიც ეჭვმიტანილია სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ნავთობის ექსპორტში მონაწილეობაში.

 


close დახურვა