logo
ENG



სიკვდილის საეჭვო გარემოება და ოჯახის უნდობლობა - 5 დღის შემდეგ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

22 ივლ 202020:01
3 წუთის საკითხავი
clock 2817

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი, გაუჩინარებიდან 5 დღის შემდეგ იპოვეს. ქალი ნახეს ადგილზე, რომელიც გზიდან 100 მეტრშია.

ბაჩალიაშვილის ახლობლები ძალოვანების უმოქმედობაზე ღიად საუბრობენ, საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც და ადვოკატიც. უნდობლობა ოჯახის უფლებადამცველმა უკვე გამოთქვა. გარდაცვლილი - ოჯახის მიერ გზის გადაკეტვისა და უმწვავესი პროტესტის შემდეგ აღმოაჩინეს, ბაჩალიაშვილის მშობლები სიმართლის დასადგენად უკომპრომისო ბრძოლას იწყებენ. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიცავს. მისივე მოთხოვნით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება. რამიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. მისი თქმით არც ის და არც ბაჩალიაშვილის ოჯახი არ ენდობა არც გამოძიებას და არც ექსპერტებს, სწორედ ამიტომ ჩაერთო საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც.

ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. პირველადი დათვალიერებით ავტომობილში მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს მიხეილ რამიშვილიც და დამოუკიდებელი ექსპერტიც

ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს თუ რა გახდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნება სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ აქვს მიღებული. 

გარდაცვლილი გოგოს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების დროს პატარა ფურცლებზე დაწერილი წერილი, რომელშიც სავარაუდოდ ანაბარზეა საუბარი. თუმცა ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ეკუთვნის თუ არა ბაჩალიაშვილს ეს წერილი.

ოჯახს ეჭვი განსაკუთრებით იმის გამო უჩნდება, რომ პოლიციამ 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელის მიკვლევა ვერ შეძლო, მაშინ როდესაც ცხედარი ღია ცის ქვეშ მანქანაში, გზასთან ახლოს იმყოფებოდა. ოჯახი ეჭვობს, რომ ბაჩალიაშვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. მამის ინფორმაციით, პოლიციელებმა შვილის კომპიუტერის შესწავლის შემდეგ უთხრეს, რომ მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ არ არის გამორიცხული რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს​​.


close დახურვა