logo
ENG



სონღულაშვილი: არ შემიძლია ჯვარი ვატარო ქვეყანაში, სადაც ადამიანს მისი არტარების გამო სცემენ

14 იან 202113:14
3 წუთის საკითხავი
clock 1715

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის რელიგიური ნიშნით შევიწროებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში მუსლიმების მიმართ სიძულვილის გამოვლინება უკვე 10 წელია, მიმდინარეობს.

როგორც ეპისკოპოსმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, ისლამოფობიის გამოვლინება 2013 წელს, ციხისძირში განვითარებული მოვლენებით დაიწყო, რა დროსაც სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მუსლიმურ სოფელში შევიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯვარი არ ეკეთათ.

ეპისკოპოსის განცხადებით, მომხდარის გამო, უკვე 10 წელია, მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად, ჯვარს არ ატარებს.

"ვფიქრობ, რომ ციხისძირიდან დაიწყო ეს ამბავი, როდესაც მუსლიმურ სოფელში შეიჭრნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ჯვრები [არ] ეკეთათ. უკვე 10 წელია, მე ჯვარს არ ვატარებ საქართველოში მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად. თუ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია, მე არ შემიძლია ამ ქვეყანაში ჯვარი ვატარო", - განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯანსაღ საზოგადოებაში შეუძლებელი და მიუღებელია, ადამიანს ლოცვის გამო თავი გაუტეხონ.

"ჩვენ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს, ბოდიში მოვიხადოთ ჩვენს მუსლიმ დებთან და ძმებთან იმ შეურაცხყოფისათვის, დისკრიმინაციისთვის, დამცირებისთვის, რომელსაც ჩვენ მათ ვაყენებთ აჭარაში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუკი ჩვენი ორიენტაცია მართლაც ევროპულია, თუ მართლაც გვინდა ავაშენოთ საღი საზოგადოება, ასეთ საზოგადოებაში შეუძლებელი და მიუღებელია, რომ ადამიანს, ბავშვს თავი გაუტეხონ იმის გამო, რომ ლოცვა უნდა. მე ყოველთვის ვიძახი, ეს იყოს ბოლო მოვლენა ისლამოფობიის ან ანტისემიტიზმის გამოვლინებისა, მაგრამ როგორც ჩანს, გვჭირდება სერიოზული გულახდილი საუბარი ამ საკითხზე", - განაცხადა ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ ბუკნარში ერთ-ერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 

12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.   

დღეს, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება. "ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ ისინი. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ბუკნარში განვითარებული მოვლენები "შეიძლება იყოს იმის გაგრძელება, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია". 


close დახურვა