logo
ENG



სუბარი ერთპარტიულობაზე: მარტო არ ვართ, აი, სოციალისტები თუ რაც ქვიათ, ევროპელი სოციალისტები

20 იან 202101:32
3 წუთის საკითხავი
clock 1224
2021/01/20/mr5okiwaeawrzaz.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ პარლამენტში ოპოზიცია შევა, რადგან ისინი ხალხმა აირჩია.

სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში მარტო არ არის. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვის გულისხმობს მარტო არ ყოფნაში, სოზარ სუბარმა განაცხადა - " აი, ის სოციალისტები თუ რაც ქვიათ, ევროპელი სოციალისტები".

"ზოგადად, არ არის კარგი, როდესაც ერთი პარტია ცალკე რჩება აპრლამენტში. დღეს ერთი პარტია აღარ ვართ, ვართ ორნი. შეიძლება, ხვალ იყოს სამი, ოთხი... ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი არის იმდენივე, რამდენიც გაიყვანა თითოეულმა პარტიამ თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს. რადგან ხალხმა მისცა ხმა, უკეთესია შემოვიდნენ. თუ არადა, დარჩებიან ქუჩაში", - განაცხადა სუბარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

სხვა ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა". მისივე თქმით, "რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება კი სამარადჟამო".

უცნობია, როდის ჩატარდება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი. 

  


close დახურვა