logo
ENG



ტიკარაძე ომიკრონზე: ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია

29 ნოე 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock 1224
ტიკარაძე ომიკრონზე: ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომიკრონი, რომელიც მსოფლიოს 15 ქვეყენაშია გავრცელებული, შეხვდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამი საქართველოში არ გავრცელდეს საჭიროა გარვეული რეგულაციები და მნიშვნელოვანია ასევე იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდეს. 

"რაც შეეხება ამ შტამის მართვას საქართველოს პირობებში, პირველი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით, იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება ანტიგენტესტირებას, აქ გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი არის PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული.

პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის გარკვეულწილად, შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ ლოკდაუნებს, აქ არის გარკვეული წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და ასევე - აცრები. ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია", - განაცხადა ტიკარაძემ. 

კორონავირუსის ახალი ომიკრონის შტამი სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა, რის გამოც შეზღუდვები აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც დაწესდა.

ნიდერლანდებში ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოცხადდა. ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრის კვეთა აეკრძალათ. აშშ-მა სამხრეთ აფრიკიდან და კიდევ 7 ქვეყნიდან (ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, მოზამბიკი და მალავი) ფრენები შეზღუდა და ქვეყანაში შესვლა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს შეეძლებათ. საზღვრები ჩაკეტა ევროკავშირის ათობით წევრმა ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს აღნიშნულ აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.


close დახურვა