logo
ENG



უგულავა: ზუსტად ერთი წლის წინ გავხდით გადაგდების მომსწრე და უკვე ერთი წელია არ ვნებდებით

14 ნოე 202017:20
3 წუთის საკითხავი
clock 460

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღეს, 14 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნების სისტემა ჩააგდო და ამით ივანიშვილმა საბოლოოდ დაასამარა სიტყვა "ოცნება".

"დღეს 14 ნოემბერია, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოში ბოლომდე დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა ოცნება, იმიტომ რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ გავხდით იმ არნახული, გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც აქ მონა დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ, "ხუნდები აიყარა" და გვითხრა, რომ თურმე პროპორციული ზღაპარი ყოფილა, თურმე თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა და თურმე ჩვენ არაფერს დაგვპირებიან.

თურმე ხალხს მოელანდა გავრილოვი, თურმე ეს ხალხი ტყუილად გამოვიდა. ესე ურცხვად მოგვატყუეს და იმის მერე ერთი წელიწადია არ ვნებდებით, მოვდივართ, ვიკრიბებით აქ და ვეუბნებით ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ და ეს დღე ამის ნათელი მაგალითია",-თქვა უგულავამ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ.  ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

დღეს, 14 ნოემბერს აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 


close დახურვა