logo
ENG



უგულავა: ივანიშვილს 50% არ აქვს, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ

31 ოქტ 202021:17
3 წუთის საკითხავი
clock 1210

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ არჩევნების აჩვენა, რომ საზოგადოებას გარდამტეხი ცვლილებები სურს. უგულავას თქმით, ქართული ოცნების შედეგი 41%-დან 46%-მდეა, მაგრამ არა 50% და აქედან გამომდინარე, ოპოზიციას აქვს ქართული ოცნების დამარცხების შანსი.

უგულავას თქმით, ოცნების ტელევიზიებით გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებით ზეიმი, არასერიოზულია.

"ამ არჩევნებმა აჩვენა ერთი მთავარი რამ - საზოგადოებას სურს გარდამტეხი ცვლილებები. 50%-ს ქვევით არის უმცირესობა. ამიტომ, ოცნების ტელევიზიებით გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებით ზეიმი, არასერიოზულია. არასერიოზული იყო ივანიშვილის გამოჩენა - ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთით და გააქანეს. გავიგეთ, რომ ივანიშვილს კოვიდის ეშინია, მაგრამ ზუსტად კოვიდის რომ ეშინია საზოგადოებას, ამიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლება. იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს პანდემიასთან ბრძოლა, ჩააფლავეს უმუშევრობასთან ბრძოლა და ჩააფლავეს კრიმინალთან ბრძოლა", - აცხადებს უგულავა.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი მოუწოდებს პარტიის ყველა საარჩევნო უბნის წევრსა და დამკვირვებელს, რომ დაიცვან ხმები.

"თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი. ჩვენი ეგზიტპოლის შედეგით დაახლოებით 10%-ია შედეგი. ვნახეთ, რომ 50% არ აქვს ივანიშვილს. ეს ნიშნავს, რომ პირადი ამბიციები გვერდზე გადავდოთ და მოვძებნოთ საერთო სურვილი. მიუხედავად განსხვავებისა, მიზანია ივანიშვილის ჩამოშორება. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით წინაპირობების გარეშე", - აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს აღარ სურს პრემიერმინისტრობა, ეს ბევრ საკითხს გააიოლებს და ოპოზიციას შესაძლებლობა ექნება, მეორე ტურში საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავდეს. 

ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 16:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46% აქვს, ხოლო სააერჩევნო ბლოკი: ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" - 28%. უარი პასუხზე 60%-მა განაცხადა.


close დახურვა