logo
ENG



უგულავა: რურუაზე თავდასხმა დადგეს, 3 წელი სამარტოო საკანში ვიჯექი და პატიმარი არ მინახავს

02 ნოე 202020:04
3 წუთის საკითხავი
clock 843

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ფორმულასთან საუბარში საპატიმროში გიორგი რურუაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის მიერაა დადგმული. უგულავას თქმით, ის 3 წლის განმავლობაში იყო სამარტოო საკანში და იცის, რომ ადმინისტრაციის ნების გარეშე, სხვა პატიმარს ვერ შეხვდები.

უგულავა მიიჩნევს, რომ რურუა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

"მე როგორც ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ასევე სამარტოო საკანში ვიყავი შემიძლია, ვთქვა გადაუჭარბებლად, რომ გიორგი არის სამარტოო საკანში. შესაბამისად, მისი გადაადგილება, ადვოკატთან შეხვედრა იქნება, აბანოში გადაადგილება იქნება თუ სასეირნოდ გადაადგილება იქნება, მკაცრად რეგლამენტირებულია და თუ ადმინისტრაციის მიერ არ იყო დადგმული, შეუძლებელია, სხვა პატიმრებს შეხვედროდა. 3 წელი ვიჯექი და სხვა პატიმარი 1 წამითაც არ მინახავს. ეს არის დადგმული თავდასხმა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გიორგი ივანიშვილის პატიმარია. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე. ეს დაუსჯელი არ დარჩება. 

გიგი უგულავამ ციხის უფროსი გააფრთხილა და მოუწოდა ციხის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

რურუაზე თავდასხმას ხელისუფლების დაგეგმილს უწოდებს მთავარი არხის მეწილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც და ამ ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს.

პენიტენციური სამსახური ფორმულას ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გიორგი რურუას საპატიმროში თავს დაესხნენ და აცხადებს, რომ რურუას დღეს, 2 ნოემბერს ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდაგიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.

 


close დახურვა