logo
ENG



უგულავა: სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა. სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

12 ოქტ 202013:59
3 წუთის საკითხავი
clock 3135
wxma3o64ci5f1rb.jpg

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოპოზიციურ ერთობაზე ლაპარაკობს, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. 

უგულავას თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა. 

"შარშან, ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა ლეიბორისტების ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. 

უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, თუმცა, ერთიანობის მუხტი ისეთი ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი. 

თორემ, ენმ, ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო ეს ერთობა მიზანში არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც. ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. 

ის, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალური და არაფრის მომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ენმ-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობაც. 

ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. 

ასეც მოხდა: ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა "ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო". 

ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა - ჯერ გიორგი ვაშაძე, შემდეგ ევროპული საქართველო, შემდეგ გირჩი. 

ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ბრძოლის მოდელი Game of Thrones-ის მოდელით რომ განვიხილოთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების წინააღმდეგ, ანუ ბიძინას და ქოცების წინააღმდეგ. ანუ ახლა ბრძოლის წინა სცენა ქვეყნებოდა, როცა ბევრი, წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. 

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი - ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას. მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. 

სწორედ ამიტოა, რომ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი​ დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერების და რეტროგრადების

ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მეგობრებო, მთავარი ლიდერია, ოღონდ სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილის და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად. 

ბუნებრივად ისმის კითხვა - ახლა რა ხდება, წავაგეთ? არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. 7 წელია, ივანიშვილის თამაშია - აქეთ მე, იქით მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს. მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესმე ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. 

ამ თამაშში ყველას თავსი როლი აქვს, ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ მეგატრონებს ეს საერთოდ არ ადარდებთ. 

ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. 

არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკშვილის პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში, ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. 

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. ევროპულმა საქართველომ და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთაღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. 

დიახ, მთავარი ამოცანაა: 

1. ოცნება 40%-ს ქვევით დარჩეს. 

2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ენმ-ზე მეტი; 

3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. 

დარწმუნებული ვარ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-ში უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. 

ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ". - ამბობს გიგი უგულავა მიმართვაში. 

30-მდე ოპოზიციური პარტია ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოლაპარაკებებს საერთო სამოქმედო გეგმაზე მას შემდეგ მართავს, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თითქმის პროპორციულ წესზე შეთანხმება გაფორმდა და მაჟორიტარული ოლქები შეიკვეცა, პარტიებმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე დაიწყეს მოლაპარაკებები. 

თუმცა, მალევე ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ყველა ოლქში თავისი კანდიდატი ეყოლებოდა. შეთანხმება თბილისის ოლქებში მოხერხდა. ისიც ყველგან არა - ენმ-მ ისანში, შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ვაშაძის კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაასახელა. 


close დახურვა