logo
ENG



უგულავა: სიმართლე ისაა, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე

31 აგვ 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock 850
უგულავა: სიმართლე ისაა, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე

ფოთის მერობის კანდიდატი, პოლიტიკოსი გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ მთავრობა "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. 

უგულავას თქმით, EU ქართულ ოცნებას მიშელის დოკუმენტიდან გასვლის და რეფორმებზე უარის გამო ფინანსურ დახმარებაზე უარს თავად ეუბნება.

"სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს - ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროფულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია. გამოსავალი არის - ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე", - წერს უგულავა facebook-ზე.

ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს. 

23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.  

"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა


close დახურვა