logo
ENG



ფაიზერს ვადა გაუვიდა, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება

01 აპრ 202216:59
3 წუთის საკითხავი
clock 882
ფაიზერს ვადა გაუვიდა, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება

მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ფაიზერის არსებულ დოზებს ვადა გაუვიდა, უკვე დღეს, პირველ აპრილს, ამ ვაქცინით აცრა შესაძლებელი აღარ არის. ვაქცინაციის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე მხოლოდ ჩინური წარმოებიც ვაქცინებზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ მოქალაქეებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თებერვალში ფაიზერის უწყვეტობის დაპირება გასცა, დღეს, პირველ აპრილს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კომენტარით ცნობილი ხდება, რომ ფაიზერი მომდევნო დღეებშიც არ იქნება ხელმისაწვდომი. 

"სამინისტრომ შეისყიდა ფაიზერის ახალი დოზები, რომელიც უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მცირე ლოგისტიკური ცვლილების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. არსებული დოზების ჩანაცვლება სრულად მოხდება ახლად მიღებული დოზებით და გადავალთ მთლიანად ახალ ლოგისტიკურ სქემაზე", - ამბობს თამარ გაბუნია. 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენ დოზა ფაიზერს გაუვიდა ვადა. 22 მარტის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დახარჯულია, დაახლოებით, ფაიზერის 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა, ხოლო სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე ჰქონდა, აუთვისებელი რჩება. 

"გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

იმავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ფაიზერის ძველი ნაშთები, რასაც ვადა გასდის, "ნაჩუქარია" და "ფინანსურად არაფერი გვიზარალია". 

31 მარტს საქართველოს მასშტაბით 1 625 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43.7%. 

 

 


close დახურვა