logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესი საწვავს ფასს თუ არ დააკლებს, შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს

20 თებ 202315:16
3 წუთის საკითხავი
clock 706
ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესი საწვავს ფასს თუ არ დააკლებს, შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მინისტრებთან შეხვედრაზე მსხვილმა იმპორტიორებმა თქვეს, რომ საწვავზე ფასს დააკლებენ. მისივე განცხადებით, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, რეგულაციები ამოქმედდეს.

ღარიბაშვილის განცხადებით, "აქაც გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მათგან მიიღეს პირობა, რომ ფასების კლება დაიწყებენ"

"რეალურად, უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2.40-ზეა უკვე ჩამოსული, თუ არ ვცდები, ევრო რეგულარის ფასები, ბენზინის ფასი და შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება, რა თქმა უნდა, ინფლაციის დონეს შეამცირებს მნიშვნელოვნად", - თქვა მან.

ღარიბაშვილმა რეგულაციების შესაძლო ამოქმედებაზე ისაუბრა:

"ფასები არის ძალიან შემცირებული ნავთობზე. ის ნავთობი, რომელიც შემოაქვთ იმპორტიორებს, საკმაოდ შემცირებულია. რა თქმა უნდა, მათი არგუმენტები ჩვენ მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები.

მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია ჩვენ დავკეტოთ მაგალითად, ისე როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგო კრიზისი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოში და ევროპაში და ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. "დაკეტვით", ანუ ზედა ზღვარი განსაზღვრეს, "ჭერი" განსაზღვრეს.

ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა. ოპტიმისტური განწყობით დავშორდით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე კიდევ გაგრძელდება აქტიურად თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება".


close დახურვა