logo
ENG



ყიფშიძე: სააკაშვილს შესამჩნევი სიყვითლე აქვს, მძიმედ დადის, პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა

18 ნოე 202100:49
3 წუთის საკითხავი
clock 1102
ყიფშიძე: სააკაშვილს შესამჩნევი სიყვითლე აქვს, მძიმედ დადის, პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა

​მიხეილ სააკაშვილი 17 ნოემბერს მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. მას გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლებას 3 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ, დღეს კი, როგორც თავად თქვა, დაწესებულებიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. 

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი სუსტად არის. 

"შესამჩნევი სიყვითლე აქვს, გადაადგილდება მძიმედ. სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა. მე ავედი მასთან". - ამბობს ექიმი. 

მისივე თქმით, განიხილავს რამდენიმე კლინიკას, სადაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ამასთან, ეს მხოლოდ მისი სურვილების სიაა, ვინაიდან გადაყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

"ვლაპრაკობდით გადაყვანაზე. მკითხა გორის საავადმყოფოზე. მე მივეცი რჩევა, რომ უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი განიხილება. ეს მშვენიერი ჰოსპიტალია, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს, ომის დროს. მაგრამ ის არ არის განკუთვნილი ამ ტიპის ავადმყოფისთვის. სიტყვამ მოიტანა, რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე კლინიკაზე ვფიქრობ, სად შეიძლება მისი გადაყვანა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი wish list-ია". - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

დასკვნა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება შეუსაბამოა მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პაციენტის მკურნალობისთვის, გააკეთა ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა. 


close დახურვა