logo
ENG



შაბათის ფორმულა: სკოლის მასწავლებელმა, 11 წლის 2 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

12 ივნ 202120:27
3 წუთის საკითხავი
clock 874

დაზარალებული არასრულწლოვნის დედა შაბათის ფორმულას უყვება, რომ თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, 11 წლის ორი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მისი თქმით, კაცმა მცირეწლოვანი ბიჭები სკოლის საპირფარეშოში სექსუალურად შეავიწროვა.

"ხელსაბანთან დახვდათ მათთვის უცნობი ადამიანი, რომელიც იბანდა ხელს და წესით უნდა გასულიყო. ბავშვები შევიდნენ და დადგნენ პისუარებს შორის, გამოტოვებით, დაიწყეს მოშარდვა. ეს კაცი შეყვა, ჩაუდგა შუაში, ჯერ გადახედა, გადმოხედა ამ ბავშვებს...ჩაიხადეთო, რაზეც ბავშვებმა უთხრეს უარი და გამოიქცნენ", - ამბობს მოზარდის დედა. 

შაბათის ფორმულა კითხვებით სავარაუდო მოძალადეს დაუკავშირდა. ის ბრალდებებს უარყოფს. 

არასრულწლოვნის დედამ საჯაროდ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლოში სამართალი ვერ იპოვა. მისი შვილი და მეორე არასრულწლოვანი პროკურატურამ დაზარალებულებად, მხოლოდ საჩივრის შეტანიდან, წელიწადნახევრის შემდეგ სცნო.

ორი მეგობრის მიერ მიცემული იდენტური ჩვენების, ფსიქოლოგიური დასკვნის და დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბავშვები ცრუობდნენ, ამიტომ ბრალდებული დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სავარაუდო მოძალადე სკოლაში აღარ ასწავლის, თუმცა ბავშვებთან კონტაქტი დღემდე აქვს და ბოლო ორი წელია კერძოდ ასწავლის.


close დახურვა