logo
ENG



შესაძლოა 109-ე მუხლი დაკავებულების მიმართ არ გამოიყენონ და ახალი პირი გამოიკვეთოს - კობაიძე

10 ივლ 202014:41
3 წუთის საკითხავი
clock 900

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება ჯერ არ მომხდარა. 

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალის დამძიმება არც მოხდება. კობაიძე არ გამორიცხავს, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ძალადობის მუხლი შესაძლოა უკვე დაკავებულ პირებს არც წარედგინოთ და დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. 

"თუ რომელიმე ექსპერტიზის პასუხი მოვა, რომ რომელიმე ბრალდებულს გარდაცვლილთან შემხებლობაში იყო, რა თქმა უნდა მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 109-ე მუხლით. ან შეიძლება დაკავებული პირების მიმართ არ დადგეს ასეთი მუხლი და სხვა, ახალი ჯგუფი ან პირი გამოიკვეთოს. კარგია, რომ ექსპერტიოზა ასე მალე მოვიდა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მის მიმართ ჯერჯერობით პროკურატურა არანაირ რეაგირებას არ ახდენს და დარწმუნებული ვარ, რომ არც მერე მოახდენს", - განაცხადა კობაიძემ

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 

 


close დახურვა