logo
ENG



ჩუგოშვილი: დრო ცოტაა, თუ შეთანხმება არ მოხდება, უფრო მძიმე პოლიტიკური პროცესები გველის

24 დეკ 202022:37
3 წუთის საკითხავი
clock 1336
2020/12/24/vypoakhq4ll7i7v.jpg

ქართული ოცნების ყოფილი წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ პარლამენტის საგაზაფხულო სესიების დაწყებამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხდება, ეს ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს.

როგორც ჩუგოშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, პროცესების დამძიმება შეიძლება ნებისმიერმა შემთხვევამ გამოიწვიოს, რისი გათვლაც წინასწარ შეუძლებელი იქნება.

"ძალიან მინდა, რომ შეთანხმება მოხდეს. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, დაახლოებით თვენახევარი სანამ პარლამენტი გააგრძელებს საგაზაფხულო სესიაზე მუშაობას. თუ შეთანხმება არ მოხდება, მერე უფრო მძიმე პოლიტიკური პროცესები გველის და ეს გარდაუვალი იქნება. შემდეგ ყველა ელოდება როდის დადგება ქვეყანაში კრიზისი. ეს კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა რამემ, წინასწარ ამის გათვლა შეუძლებელია.

ჩვენ გვქონდა მაგალითად სარალიძის საქმე, რომელსაც არავინ ელოდა მაგრამ წარმოუდგენელი საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია, გვქონდა 20 ივნისი, რომელსაც თითქოს ასე არ ველოდით, მაგრამ გამოიწვია უდიდესი და უმძიმესი პრობლემები ქვეყანაში. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს მძიმე პანდემია, ეკონომიკური ფონი გვიმძიმდება, ასევე სოციალური ფონი, ახლა უფრო მეტი პრობლემაა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.  

მანვე აღნიშნა, რომ პროცესების დამძიმების შემთხვევაში, ერთპარტიული პარლამენტი და მთავრობა კრიზისების მოგვარებას ვერანაირად ვერ შეძლებს.

"ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიული მთავრობა ამ მოცემულობაში როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი არათუ გადაწყვეტილებაში ჩართული არ არის, არამედ პარლამენტშიც კი არ არის და სრულ დელეგიტიმაციას უკეთებს იმ ერთ პარტიას, რომელიც პარლამენტში შევიდა, უბრალოდ ფონს ვერ გავა, ვერ შეძლებს, რომ ასეთი კრიზისები გადალახოს მარტომ. ამიტომ სარისკოა, სახიფათოც არის ეს პროცესი და არავის უნდა უხაროდეს, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით", - თქვა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან ერთპარტიულია. ქართული ოცნების დეპუტატმა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამაც ერთპარტიულად დაამტკიცეს

ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს.

გამონაკლისი ამ მხრივ პატრიოტთა ალიანსის 2 წარმომადგენელია. მათგან ერთი პარტიული სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც თქვა, რომ მანდატზე უარს არ ამბობს, და პარლამენტში მაშინ შევა, "როცა გადაწყვეტს". რაც შეეხება მეორე წევრს, ის გელა მიქაძეა, რომელმაც ფორმულანიუსის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია პარტია მოქალაქეების ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ასევე გირჩის სამი წარმომადგენლის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ხედავენ. უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი და რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ პროცესი. 

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა