logo
ENG


პრეზიდენტი: ნულოვანი თამაში დასრულებულია, ერთადერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების
  • 992ნახვები

ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც კარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და შეიძლება კიდეც, ვაჟკაცობა. 

ქვეყნის ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიის პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა უფრო მაღლა დაეყენებინა ვიდრე ცალკეული დეტალები და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. 

ოპოზიციას კი, იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისაგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია ერთადერთი მისაღები გზა, მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებისა. პარლამენტში, სადაც იხსნება რეალურად ოპოზიციური  საქმიანობის არნახული შესაძლებლობები. 

ორივე მხარე ალბათ ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან. იმით იმხნევებს თავს, რომ არ დათმო რაღაც პრინციპები, თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს. ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. 

ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი. ამ ტექსტს მე, პირადად, სრულად ვუჭერ მხარს და დღეს 9 აპრილის სულისკვეთების მაგალითზე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. 

მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხვდებით, ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დგას. არავის მარცხი არავისი გამარჯვება არ იქნება. ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის.  

საქართველოს პრეზიდენტი მოლაპარაკების პროცესში ჩართულ მხარეებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა