logo
ENG


"დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო - მას უკრაინის მზე დაადნობს" - ზელენსკი
  • 159ნახვები

ძვირფასო უკრაინელებო!

დღეს, ხსოვნისა და შერიგების დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სამშობლოსა და მსოფლიოს ნაციზმისგან იცავდა. ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინელი ხალხის გმირობას და მათ წვლილს ანტი-ჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში.

აფეთქებები, სროლები, სანგრები, ჭრილობები, შიმშილი, დაბომბვა, ბლოკადები, მასიური მკვლელობები, სადამსჯელო ოპერაციები, ოკუპაცია, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კაბინები, ყვითელი ვარსკვლავები, გეტოები, ბაბი-იარი, ხატინი, ტყვეობა, იძულებითი მუშაობა. ისინი დაიღუპნენ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა ამ სიტყვების მნიშვნელობა წიგნებიდან იცოდეს და არა ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ეს უსამართლობაა მათდამი, ყველასადმი. მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს. და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ!

ამის დასტურია ე.წ "ვერვოლფი". ეს ჰიტლერის ყოფილი შტაბი და ბუნკერია ვინიციასთან ახლოს. და მისგან სულ რამდენიმე ქვაა დარჩენილი. ნანგრევები. იმ ადამიანის ნანგრევები, ვისაც თავი დიდებულად და უძლეველად მიაჩნდა. ეს ჩვენთვის, ყველასთვის და მომავალი თაობებისთვის გზამკვლევია. ისაა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და დაამტკიცეს, რომ ვერანაირი ბოროტება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ბუნკერში დამალვას ვერ შეძლებს. მისგან ქვაც კი აღარ დარჩება. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. და ჩვენ ეს დარწმუნებით ვიცით, რადგან ჩვენი ჯარი და ჩვენი ხალხი მათი შთამომავალია, ვინც ნაციზმი დაამარცხა. ისინი კვლავ გაიმარჯვებენ.

და კვლავ მშვიდობა დაისადგურებს. კვლავ, საბოლოოდ!

ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ნამდვილად დამთავრდება და მას უკრაინის მზე დაადნობს. და ჩვენ მთელ ქვეყანასთან ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს. და ოჯახი და საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ნათესავები კვლავ ერთად იქნებიან! კვლავ, საბოლოოდ! და აღარ იქნება შავ-თეთრი სიზმრები, მხოლოდ ლურჯ-ყვითელი. კვლავ, საბოლოოდ! ჩვენი წინაპრები ამისთვის იბრძოდნენ.

სამუდამო პატივი ყველას, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა.

სამუდამო ხსოვნა ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა