logo
ENG

03 ნოემბერი, 2020 | 12:10
"მოპარული არჩევნებით მიღებული მანდატი არავის სჭირდება" - ოპოზიცია მემორანდუმს გააფორმებს

სასტუმრო თბილისი მარიოტში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ისინი ერთობლივ მემორანდუმს გააფორმებენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმით ყველა ოპოზიციური პარტია დაადასტურებს, რომ ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მისივე თქმით, პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უნდა გამოხატულიყო.

"დღეს არის ერთობლივი ხელმოწერა ყველა ოპოზიციური პარტიის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად ამ არჩევნებს და მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და რომ ის პარტიები, რომლებმაც გადავლახეთ ბარიერი არ შევდივართ პარლამნეტში, რადგან ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც უნდა გამოხატულიყო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და ცხადია მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი არავის სჭირდება ამ ქვეყანაში, ვისაც კი გააჩნია რაიმე პოლიტიკური ღირებულება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 48,15%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27.14%; ევროპული საქართველო - 3.78%; პატრიოტთა ალიანსი - 3.14%; ლელო - 3,15%; სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%; გირჩი - 2,89%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,33%; ლეიბორისტული პარტია - 1%.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

გუშინ, 2 ნოემბერს, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა