logo
ENG

25 ნოემბერი, 2020 | 16:06
გამყრელიძე: პიკში შევედით და თუ გამკაცრებულ ზომებს არ მივიღებთ, აღმასვლა გაგრძელდება

"ჩვენ პიკში შევედით და ამ პიკის აღმასვლა გაგრძელდება, თუ გარკვეულ გამკაცრებულ ზომებს არ მივიღებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რეკომენდაციები, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტისგან მიიღეს, შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად, ტესტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასაც გულისხმობს.

"ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს რეკომენდაციებს, თუ რა ტიპის, რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა იქნეს შემოღებული ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ ეს არაა. რამდენიმე მიდგომაა: ერთი მხრივ, გამკაცრება ღონისძიებების, მეორე მხრივ, ტესტებზე მეტი ხელმისაწვდომობა, მესამე - უფრო მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად, 85%-ის ინფიცირებულების მართვა პირველადი ჯანაცვის სექტორში, ოჯახის ექიმები მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონარული დახმარება, მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო კონსულტაციებს აგრძელებს იმასთვის, რომ შეზღუდვების დაწესების გამო, ეკონომიკის სფეროს და მოქალაქეების შემოსავლებს ნაკლები ზიანი მიადგეს.

"ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები. ალბათ, ხვალ გამოცხადდება. დღესაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკის სფეროს  და ადამიანების შემოსავლებს. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ, ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და, მეორე მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ასეთია მიდგომა, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა და ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს, კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 366 ადამიანი, 34 კი გარდაიცვალა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა