logo
ENG

30 ნოემბერი, 2020 | 12:42
გამყრელიძე: რემდესივირი საქართველოში მალე უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რემდესივირთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმებულია და პრეპარატი საქართველოში "მალე უნდა იყოს". ამის შესახებ მას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს.

ის თენგიზ ცერცვაძის მიერ ამ პრეპარატის გამოყენებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ფაქტობრივად, შედეგი არის".

"თვითონ თენგიზ ცერცვაძე არის ერთერთი მაღალი დონის სპეციალისტი, მან თავის თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი, ფაქტობრივად, არის", - თქვა გამყრელიძემ.

ცერცვაძემ გუშინ, 29 ნოემბერს იმედთან თქვა, რომ როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, რემდესივირი მიიღო, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის, მას კი უცხოეთიდან გამოუგზავნეს. 

ცერცვაძე ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქვეყანა პრეპარატს "10-14 დღეში მიიღებს, თვის ბოლოდან კი ამ პრეპარატით მკურნალობას შეძლებენ".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს ექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ. მათი თქმით, პრეპარატი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. 

რემდესივირი ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა