logo
ENG

03 დეკემბერი, 2020 | 14:16
ელისაშვილი პარლამენტში შესვლის მოწოდებაზე: გახარიამ ქვეყანას მიხედოს, თავზე რომ დაგვემხო

მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდთან გასამართი მოლაპარაკებების წინ იკრიბება, რათა მესამე რაუნდის წინ ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.

"მესამე რაუნდის სამზადისზე ვართ შეკრებილები, რომ საერთო, შეჯერებული და დაწურული პოზიცია ჰქონდეს ოპოზიციას. ერთად რომ ვდგავართ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე ერთ აზრზე ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ და ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და დისკუსიებიც მიდის", - განაცხადა ელისაშვილმა ლელო-საქართველოსთვის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.

ელისაშვილი პრემიერის განცხადებასაც შეეხო, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და გადაწყვიტა, რომ სჯობს, პრემიერმა ჯანდაცვის სისტემას მიხედოს.

"გახარიამ მიხედოს ჯანდაცვის სისტემას, მიხედოს ეკონომიკას და მიხედოს ქვეყანას, რომელიც თავზე დაგვემხო. ჩვენ სად შევალთ და სად არ შევალთ, მაგაზე სამსჯელოდ ვართ შეკრებილები", - განაცხადა ელისაშვილმა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

დღეს, 3 დეკემბერს პრემიერმა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისა და იქ ბიუჯეტის პროექტის განხილვისკენ მოუწოდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა