logo
ENG

31 ოქტომბერი, 2020 | 16:58
ვაჟა სირაძე: პირველადი ინფორმაციით, გლდანში 5 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე და 80-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი დაკავება ადმინისტრაციულ წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით მოხდა.  

"ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება და გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა პირველადი ინფორმაციით, დავაკავეთ ხუთი პიროვნება. ეს პიროვნებები დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისათვის. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და დაზუსტებულ ინფორმაციას დამატებით გავავრცელებთ", - განაცხადა სირაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოხდა თუ არა საარჩევნო უბანზე გასროლა, სირაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის სროლის ფაქტს ვერ დაადასტურებს.  

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპისთვის სროლის ფაქტს. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოვახდენთ სწრაფად რეაგირებას", - განაცხადა სირაძემ.

გლდანში, 79-ე და 80-ე საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, პროვოკაციებში კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.  

გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა