logo
ENG

25 ივნისი, 2022 | 20:23
რა ქონება დააგროვა 10 წლის განმავლობაში ივანიშვილმა - შაბათის ფორმულა

შაბათის ფორმულამ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა ქონება დააგროვა 10 წლის განმავლობაში ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის მცოცავი ოკუპაციის სათავე პანორამა თბილისია, რომელიც ხალხის ნების მიუხედავად მაინც ჩაიდგა ქალაქის ცენტში. საკუთარი პროექტის სისრულეში მოსაყვანად, მხოლოდ პუშკინის სკვერს არ დასჯერდა. სოლოლაკის ქედსა და თაბორის მთასაც დაეპატრონა, სადაც 260 მილიონი დოლარის ღირებულების 2 სასტუმროს აშენებს, თუმცა ადგილზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ მიდის.

ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე როსტომ მეფის სასახლეში ბინა დიდი ხანია ქართულმა ოცნებამ დაიდო. პარტიას შენობაში სათავო ოფისი აქვს მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ სასახლის მფლობელის კვალიც ივანიშვილამდე მიდის. ამის შემდეგ დალუქა და დააკონსერვა 40 ჰექტარი რეკრეაციული ზონა. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია 2020 წელს გაიყიდა. მყიდველიც და გამყიდველიც ბიძინა ივანიშვილი იყო. იპოდრომის მსგავსად, გაყინა ლაგუნა ვერეს 44-წლიანი ისტორიაც. 2013 წელს გაუმართაობისა და არამომგებიანობის მიზეზით დახურული საცურაო აუზი, დღეს ხავსმოდებული და დაჭაობებულია. ლაგუნა ვერესთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია საცურაო აუზის მიმდებარედ, აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია.

მმართველი პარტიის დამფუძნებელი მხოლოდ კოსტავაზე 30 000 კვადრატული მეტრის ქონებას ფლობს. ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესები თბილისს დიდი ხანია გაცდა. ოლიგარქს ეკუთვნის შეკვეთილში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პარაგრაფი, 4 ჰექტარზე გადაჭიმული დენდროლოგიური პარკი, 13 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში.

ბიძინა ივანიშვილისაა თითქმის მთელი აბასთუმანი, მათ შორის ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. ივანიშვილი ფლობს 1 100 ჰექტარს სამეგრელოში, 160 ჰექტარს გურიაში, 135 ჰექტარს თბილისში, 130 ჰექტარს სამცხე-ჯავახეთში, 55 ჰექტარს იმერეთში, 35 ჰექტარს ქვემო ქართლში, 23 ჰექტარს აჭარაში და 15 ჰექტარს კახეთში. იმას, რასაც თავის სახელზე პირდაპირ არ იფორმებს, ქართუ ჯგუფზე არეგისტრირებს. რუსეთში დარეგისტრირებულია კომპანია აკვა სფეისი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც დღემდე ბიძინა ივანიშვილია. ასევე 2019 წლამდე ოლიგარქი ათეულობით რუსულ კომპანიას ოფშორების გავლით ფლობდა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა