logo
ENG

05 აგვისტო, 2020 | 20:15
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ინციდენტთან საქართველოს დაკავშირება საფუძველს მოკლებულია

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, ყოველწლიურად, დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.

"აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში.

ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა.

აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, - განმარტავენ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება.

რამდენიმე მედიის ცნობით, ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, 2013 წელს საქართველოდან მოზამბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა.

ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI გაავრცელა მას შემდეგ, რაც ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა. 

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია სულ მცირე ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა